მთავარი → პოლიტიკა

პოლიტიკა


wulukiani

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ფოკუსირებას მოვახდენთ მოქალაქეებისთვის კონკრეტულ შედეგებზე“


ჩვენ დავიწყეთ მზადების პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   მისი თქმით, სამიტამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი და ის ბრიუსელში მომავალი წლის ნოემბერშია დაგეგმილი.   „ჩვენ დავიწყეთ მზადება კონკრეტული შედეგებისთვის. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან ერთად შევდივართ ფაზაში, როდესაც თითოეული პარტნიორობისთვის ჩვენ კონკრეტული, სპეციალური დღის წესრიგი გვაქვს, რომლიც მოიცავს კონკრეტულ ზომებსა და პოლიტიკას, რასაც მოქალაქეებისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ფაქტი, რომ ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ, მთავარი აღარ არის, მთავარი იქნება ის კონკრეტული შედეგები, რომელთა მიღწევა შეგვიძლია ვაჭრობის, ადამიანების მობილობის, განათლების და სხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სამიტი, სადაც ფოკუსირებას მოვახდენთ მოქალაქეებისთვის კონკრეტულ შედეგებზე და ეს იქნება სამიტის მთავარი პოლიტიკური გზავნილი\", - განაცხადა მოგერინიმ.    

15:34 | 2016.12.02

wulukiani

„ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ხალხიც მხარს ამ დონეზე უჭერს“


„მთავრობის მიერ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მხოლოდ წინადადებები მოვისმინე და არა კონკრეტული მექანიზმები, თუ ამ ინიციატივების განხორციელებას როგორ აპირებენ. მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, როგორ მოხდება ამ გახმოვანებული ინიციატივების რეალიზება. მართალია, კარგია რომ მთავრობას ასეთი ინიციატივების განხორციელება უნდა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ამან გარკვეული დისონანსი გამოიწვია. იგივე ლართან მიმართებაში , რომლის მოსაგვარებლადაც სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.   „სხვადასხვა საკითხებია, რასაც დიფერენცირებული მიდგომა სჭირდება. 20-25 თეთრით ბენზინი რომ გაძვირდება, შემდეგ ამას ტრანსპორტის გაძვირება მოჰყვება, რის კონტროლსაც ხელისუფლება ვეღარ შეძლებს. ავტომანქანების აქციზზე საუბარი კიდევ სხვა თემაა. სანამ ეს ყველაფერი გახმაურდებოდა, ხელისუფლებას ყველაფერი უფრო დეტალურად უნდა გაეთვალა, რომ ასეთი განცხადებები გარკვეულ რყევებს იწვევს. საზოგადოებაში და მოსახლეობაში ხვალ რა რეაქცია იქნება - არ ვიცით. ასევე წარმოუდგენელია იმ ადამიანების ვალის დაფარვა და სესხის ლარში გადაყვანა, ვისაც დოლარში აქვს აღებული. მაინც მგონია, რომ ყველა ამ პრობლემის მიმართ ერთი სტანდარტული მიდგომა სწორი არ არის. როდესაც ადამიანმა კრედიტი თავისი სიამოვნებისთვის აიღო, ამაში ხელისუფლება რატომ უნდა ჩაერიოს? ეს საკითხები უფრო დასაზუსტებელია და საზოგადოებამდე ისე უნდა მიიტანონ\", - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.   „არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოების მხრიდან რამე სახის გამოსვლები მოხდეს, თუმცა გაზაფხულზე სიტუაცია მგონი უფრო დაიძაბება. გამოსვლები შესაძლოა დაიწყოს, რადგანაც ძალიან რთული ვითარებაა. ამიტომაც ხელისუფლებას ძალიან მოქნილი და ხისტი პოლიტიკის გაწევა მოუწევს. თუ მთავრობამ თავისი ყველა ნაბიჯი სწორად არ გათვალა და საზოგადოებას კონკრეტულად არ აუხსნა, რას და როგორ აპირებს, მაშინ ხალხი ყველაფერს გააპროტესტებს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილება იქნება და ძალიანაც სწრაფადაც გაიზრდება. ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ხალხიც მხარს ამ დონეზე უჭერს. გარდა ეკონომიკურისა, პოლიტიკური ანალიზიც საჭიროა\", - დასძენს პოლიტოლოგი.   ძაბირაძე გაზაფხულზე ოპოზიციის შესაძლო გააქტიურებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ძვრების დაწყებაზეც აკეთებს კომენტარს. „სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური სპექტრი დალაგებული არ არის. თუმცა სადღაც თებერვლის თვეში ოპოზიციური სპექტრის მოწესრიგებას ველით. ვნახოთ, რა იქნება. დავით უსუფაშვილისგან რაღაც ახალი ძვრები უნდა წამოვიდეს“.  

15:26 | 2016.12.02

wulukiani

„NATO-ს გაფართოება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის“ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ?


ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი კრეგ კენედი მიიჩნევს, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა NATO-ს წევრობისთვის და დაელოდოს მომენტს, როდესაც ალიანსი გაფართოებას გადაწყვეტს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კრეგ კენედი აცხადებს, რომ \"NATO-ს წევრობა მხოლოდ სტანდარტების უზრუნველყოფით არ მიიღწევა და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა, თუმცა მთავარია ქვეყნები მზად იყვნენ, როცა ალიანსი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს\".   „საქართველომ, ისევე როგორც NATO-ს წევრობისკენ მიმავალმა ყველა ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს მუშაობა და წევრობისთვის აუცილებელი სტანდარტები და მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამავდროულად მათ უნდა ჰქონდეთ რეალისტური მოლოდინები. უახლოეს მომავალში ალიანსის უფრო მეტად გაფართოება მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ეს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ მომენტისთვის, როცა ალიანსი გაფართოების მორიგ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც შესაძლოა 5 ან 10 წელიწადში მოხდეს\",- აცხადებს კენედი. კენედის თქმით, NATO-ს გაფართოებას თან ახლავს პოლიტიკური სიფრთხილე, რის მაგალითადაც მას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტი მოჰყავს, როცა საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხი უცნობი ვადით გადაიდო. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკ ტერნერის განცხადებით, NATOპროგრესული ორგანიზაციიდან ბიუროკრატიულ ორგანიზაციად გადაიქცა. „NATO-მ წინსვლა და გაფართოება უნდა გააგრძელოს, ბევრ რამეს უნდა გადახედოს, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ჩართულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით რეალობაში, სადაც NATO იქნება აგრესორი რუსეთის პირისპირ. ჩვენი ევროპელი მეგობრები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, რადგან ისინი უკვე NATO-ში არიან. მე პირიქით ვიტყოდი, თავდაცვაზე მეტი ზუსტად იმიტომ უნდა დავხარჯოთ, რომ NATO-ს წევრები ვართ\",- აცხადებს ტერნერი.   მაიკ ტერნერის განცხადებით, NATO-ს მომავლისთვის სამი რამ არის მნიშნელოვანი: პირველი შეკავების პოლიტიკის გაძლიერებაა, რათა ალიანსმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეები შეაკავოს, მეორე ალიანსის წევრების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და მესამე NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაა. საქართველო 2004 წელს გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც NATO-სთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა (IPAP) შეიმუშავა. 2008 წლის აპრილში NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. 2008 წლის დეკემბერში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, IPAP-ის პროგრამა ყოველწლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP) შეცვალა. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს და ხელს უწყობს საქართველოს თავსებადობას NATO-სთან.   2010 წლის აგვისტოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავდა თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. აღნიშნული თანამშრომლობის გეგმა განსაზღვრავს NATO-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მთავარ ამოცანებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.   2011 წლის დეკემბერში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველო მოხსენიებულ იქნა, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა.   2014 წლის 4-5 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა NATO-ს სამიტი. სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის NATO-სთან ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების\" ჯგუფში მიიწვიეს. სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო NATO-სთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო აამაღლებს NATO-სთან თავსებადობას. ახალი ინიციატივის თანახმად, NATO უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში და მეტად დაახლოებული NATO-ში გაწევრიანების მიზანთან.    

11:37 | 2016.12.02

wulukiani

კრემლის ინტერესები ოკუპირებულ აფხაზეთში


რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ცდილობენ სულ უფრო მეტად გაახმაურონ კიდევ უფრო დაახლოების გეგმები და სწორედ ამ ჭრილში განიხილება ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა მოსკოვში. კრემლის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, სტუმრისა და მასპინძლის საუბრის მთავარ საგნად სახელდება ე. წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის სამომავლო გეგმები განსაკუთრებით სახიფათოდ გამოიყურება სამხედრო თანამშრომლობის კუთხით.   აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერის რაულ ხაჯიმბას სტუმრობის შესახებ ინფორმაცია მოსკოვმა წინასწარაც არაერთხელ გაახმაურა, ხოლო კრემლის ოფიციალურმა ვებსაიტმა 1 დეკემბერს ამცნო საზოგადოებას, რომ ეს შეხვედრა შედგა. როგორც ყოველთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამჯერადაც განსაკუთრებით ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს ორი „დამოუკიდებელი“ ქვეყნის პრეზიდენტები არიან. საუბრის მთავარ თემად სახელდება ე. წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც ოსტატურად იყენებს მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, ეს დოკუმენტი აბსოლუტურად უკანონოა.   როდესაც სოხუმისა და მოსკოვის კიდევ უფრო დაახლოებაზეა ლაპარაკი, ყურადღების ცენტრშია რუსეთის დუმის მიერ რამდენიმე კვირის წინ რატიფიცირებული ე. წ. „ხელშეკრულება\" გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე, რომელთან დაკავშირებითაც სხვადასხვა დროს შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთმა წარმომადგენელმა. მოსკოვისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2015 წელს გააფორმებული ხელშეკრულება მიზნად ისახავს, რუსეთის სამხედრო ბაზის სიმძლავრეებზე დაყრდნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას „აგრესიის მოსაგერიებლად\". ეს მიზნები სრულად ემსახურება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის\" შესახებ 2014 წელს გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულების ინტერესებს. მსგავსი დოკუმენტი მოსკოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმთანაც აქვს გაფორმებული.   რუსეთის აქტიურობა დე ფაქტო აფხაზეთთან მიმართებით თვალშისაცემია ანალიტიკოსებისთვისაც და მათ შორის არის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე. როგორც ის ამბობს, რუსეთი ამ აქტიურობით საკუთარი ინტერესების განმტკიცებას ცდილობს, რაც თავისთავად მოიცავს სურვილს ანგარიში გაუსწოროს NATO-ს - „(რუსეთის ქმედებებში) მთავარი იდეა არის ის, რომ შეინარჩუნოს პოზიციები, გააძლიეროს და რეგიონში მეტი მიზნის მიღწევის საშუალებები გაუჩნდეს. დღევანდელი კონკრეტული ვითარება NATO-ს გაძლიერებასთან და შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს რუსეთის ნაბიჯებს“.   მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საერთო სამხედრო დაჯგუფების შესახებ გახდა ცნობილი, მედიაში გავრცელდა ბევრნაირი ვარაუდი დაგეგმილ ღონიოსძიებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი ვარაუდის მიხედვით, რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ათასამდე უნდა გაიზარდოს და, პარალელურად, უნდა გაიხსნას რამდენიმე ათეული ახალი საგუშაგო საოკუპაციო ხაზზე.   „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზასთვის\" მიცემულ ინტერვიუში ეს ინფორმაცია უარყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ - „სამხედრო კონტინგენტის ნებისმიერი ზრდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხდება და ცალმხრივად ამის გაკეთება არავის შეუძლია. უსაფუძვლოა საუბრები გალის რაიონის მილიტარიზების შესახებ. არავინ გეგმავს დამატებითი საგუშაგოების გახსნას. გალის რაიონში მოქმედებს სასაზღვრო კომენდატურა - ასე ეწოდება სასაზღვრო ქვედანაყოფს. სასაზღვრო კომენდატურის შემადგენლობაში შედის ოთხი დანაყოფი, რომლებიც უშუალოდ საზღვარზე მუშაობენ. არ არსებობს მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა\".   გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილის უარყოფის მიუხედავად, იმავე ინტერვიუდან ოლეგ არშბას განმარტებები მაინც მოწმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარკვეული ძვრები მოსკოვისა და სოხუმის ერთობლივი გეგმების შესაბამისად. მაგალითად, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა საზღვრისპირა ზონა და, შესაბამისად, გამკაცრდა კონტროლი ოკუპირებულ გალში, რომელსაც რესპონდენტი „სარეჟიმო ზონადაც\" მოიხსენიებს. „რეჟიმი შეცვლილია და გზაზე დაცვის სისტემა ამოქმედდა... ის სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება\".   მოსკოვისა და სოხუმის უკანონო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ძალაში შესვლას მუდმივად აპროტესტებენ საქართველოში და მუდმივად ლაპარაკობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. თუმცა ურთიერთგანსხვავებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციები, მაგალითად, მოსკოვისა და სოხუმის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს - „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ჩვენ უნდა ჩვენი უნარით შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი. ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებით - თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და საბრძოლო მომზადების ხარისხის ამაღლების მიმართულებით - მომავალშიც გავაგრძელებთ\".   თუმცა ანალიტიკოსებისთვის ისიც ცხადია, რომ მხოლოდ საკუთარი არმიის იმედად ყოფნა არასაკმარისია პატარა საქართველოსთვის და, მით უმეტეს, ისეთი ძლიერი და აგრესიული მტრის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. დიდი მეზობლის აგრესიის შეკავების შესაძლებლობებს ისინი ძირითადად საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომასა და მხარდაჭერაში ხედავენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობის „პოზიციის მაქსიმალური კონსოლიდაციის\" აუცილებლობაზე ლაპარაკობდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.   „რადიო თავისუფლება“

09:30 | 2016.12.02

wulukiani

მნიშვნელოვანი გზავნილები ბრიუსელიდან


„ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს „საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება\" უწოდა.   „მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისკენ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში\", - განაცხადა ტუსკმა.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოთქვა საქართველოს მიმართ, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. „იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას განუხრელად შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საქმეში. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას\", - განაცხადა ტუსკმა.   ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.   „ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია. გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მსურს შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში. კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემოდგომი წარმატებისთვის. მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება. ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ძლიერი მასტიმულირებელი მექანიზმების უზრუნველყოფით კრიტიკული მნიშვნელობისაა დიფერენცირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისთვის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.   მისივე თქმით, ამ საკითხს მივყავართ ვიზალიბერალიზაციამდე, რომელსაც ტრანსფორმაციის ძლიერი ეფექტი გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების კონტექსტში და ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს აძლევს. \"რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ტუსკს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისათვის. საქართველო ევროკავშირის ძირითადი მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში და ეს განსაკუთრებით აღინიშნა კიდეც ანგარიშში\", - განაცხადა კვირიკაშვილმა.   როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. „მზად ვართ თანამშრომლობა მეტად გავზარდოთ, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვოს. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში - ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით. დასკვნის სახით თბილი მიღებისა და საინტერესო იდეების გაცვლისთვის მსურს კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკისადმი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

08:48 | 2016.12.02

wulukiani

დონალდ ტუსკი - „საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას“


საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ოქტომბერში დაადასტურა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა.   „რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს, ყველა წევრმა ქვეყანამ ოქტომბერში დაადსტურა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ახალ ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის მხარეს. ეს მხოლოდ ჩვენი შიდა პრობლემაა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება რაც შეიძლება მალე იყო მიღწეული. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულ და პოზიტიურ დასრულებას\",-აღნიშნა დონალდ ტუსკმა.   „2030“   

17:55 | 2016.12.01

wulukiani

ურთიერთობები რუსეთთან, ევროკავშირთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან - ინტერვიუ „Reuters“-თან


საქართველო ელოდება, რომ ურთიერთობა აშშ-სთან ტრამპის პრეზიდენტობისას მტკიცე დარჩება მიუხედავად მისი მოწოდებებისა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ და თბილისი განაგრძობს ზეწოლის განხორციელებას NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტევრიუში.   საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან კონგრესში, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, შენარჩუნდება, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებზე და მიზნებზე, რომლებსაც ვიზიარებთ ბოლო 25 წლის განმავლობაში\", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.   საქართველოს პრეზიდენტი ასევე, იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სავიზო საკითხი ამ დრომდე განიხილება ბრიუსელში იმის მიუხედავად, რომ თბილისმა ყველა აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა. „ევროკავშირი, ისევე როგორც NATO, გამოწვევების გადაფასების კონსერვატიულ ფაზას გადიან. მიგვაჩნია, რომ ეს კონსერვატიული ფაზა უნდა დასრულდეს რაღაც ეტაპზე, უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური დღის წესრიგით\", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.   საუბარი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო. მარველაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი რჩება სერიოზულ საერთაშორიო მოთამაშედ და თბილისი გააგრძელებს მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგს, დაძაბულობის მიუხედავად. „ვფიქრობთ, რომ რუსეთი უნდა იყოს ის ფაქტორი, რომელიც მისმა მეზობლებმა, ასევე საერთაშორისო მოთამაშეება უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ ურთიერთობები რუსეთთან ორიენტირებულია რაციონალური დიალოგის პოლიტიკისკენ, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკისკენ, არ უნდა დავუშვათ, რომ ომის რომელიმე მხარემ ჩაითრიოს ქართული მხარე რამე სახის პროვოკაციაში\", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.   თუმცა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ამას არასდროს მიიღებს ჩვენი საზოგადოება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანლობა\", -განაცხადა პრეზიდენტმა.    

12:45 | 2016.12.01

wulukiani

შს მინისტრმა ორი მოადგილის შტატი გააუქმა - რეაქცია მილიონობით პრემიის გასაჯაროებაზე?


შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. ამის შესახებ \"ინტერპრესნიუსს\" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.   ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ\" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში შევიდა, რომლითაც შს მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება. ასევე დებულებიდან ამოღებულია 21 მუხლი, რომლითაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი შს მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.   საინტერესოა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა\" (IDFI) 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახენ ინფორმაცია ორი დღის წინ გაავრცელა.   2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა იმავე წლის ოქტომბერში გაიცა. დეტალურად შს სამინისტროში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.   იმ პერიოდში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.  

11:42 | 2016.12.01

wulukiani

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს


ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ ოპოზოციური ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია „ამცახარას“ წევრები სოხუმში სახალხო კრების გამართვით იმუქრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ამცახარას“ მეშვიდე ყრილობაზე მიიღეს. ყრილილობის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტისგან ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.   „ხაჯიმბას რეჟიმის დროს სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება გაუარესდა. იმის მაგივრად რომ ხელისუფლებამ სიტუაცია გამოასწოროს, უმოქმედობით ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს და ამ განუკითხაობას სათავეში ხაჯიმბა უდგას“, - განაცხადა „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ.   პარტია \"ამცახარას\" მეშვიდე ყრილობა 30 ნოემბერს გაიმართა და მასში „აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკში“ შემავალი პარტიების ლიდერებმაც მიიღეს მონაწილეობა. ყრილობას 700-მდე დელეგატი ესწრებოდა.  

11:15 | 2016.12.01

wulukiani

სავიზო ლიბერალიზაციის შეფერხება და ევროსკეპტიკოსთა სიხარული


ქართული მხარე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არჩევნების შემდეგ პრემიერის პოსტზე ახლად დანიშნული გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრებთან ერთად, პირველად სწორედ ბრიუსელში ჩავიდა. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება და მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სივრცეში. პრემიერის ვიზიტს წინ უსწრებდა ქართული მხარის მიერ გამოხატული უკმაყოფილება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურების გამო. რით არის უკმაყოფილო საქართველო?   სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას 30 ნოემბერს ბრიუსელში, როცა ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი. როგორც მასპინძელმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებათა დეტალები. ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმედიანად არის განწყობილი - „პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე ჩემი კვლავაც ოპტიმისტური მოლოდინი იმისა, რომ მომავალ რამდენიმე დღეში მიღებულ იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის - განსაკუთრებით, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით\".   მარტინ შულცის მიერ ნახსენები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი სახელდება მთავარ ფაქტორად, რის გამოც ფერხდება სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოსთვის. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განმარტეს, რომ ერთი საკითხის გადაწყვეტას დაუყოვნებლივ მოჰყვება მეორე საკითხის გადაწყვეტაც. ამ პროცესის დაგვირგვინებას საქართველოში დიდი იმედით რომ მოელიან, ეს გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა 30 ნოემბერს მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. პრემიერმა განაცხადა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია იქნება უდიდესი მოტივაცია რეფორმების გასაგრძელებლად საქართველოში. ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუციებსშორისი შიდა პროცედურები „ახლო მომავალში\" ქართველი ხალხის მოლოდინების შესაბამისად დასრულდება.   30 ნოემბრის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა თავი აარიდა უკმაყოფილების გამოხატვას, რაც 29 ნოემბერს გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის სიტყვებიდან ჩანს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი არცთუ სახარბიელო ტემპით მიმდინარეობს და საქართველო, რომელმაც აბსოლუტურად ყველა ვალდებულება შეასრულა, ახლა სრულიად დაუმსახურებლად ზარალდება პროცესის არა მისი მიზეზით გაჭიანურების გამო. ეს აზრი საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურათა წარმომადგენლებს სამშაბათ საღამოს გაუზიარა, როცა ის სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, სახელწოდებით \"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი\". ღონისძიების ორგანიზატორი იყო სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი.   როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ მრავალწლიანი შრომის, მიღწეული პროგრესისა და ამ პროგრესის ევროკავშირის ინსტიტუციების მიერ აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის კანონიერი მოლოდინი გაუჩნდათ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია დაინგრეს მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენის პერსპექტივასთან დაკავშირებული საბჭოთა დროის სტერეოტიპი, რომელიც ჯერ ისევ ახსოვთ საქართველოში და ის სწორედ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის ხელმისაწვდომობამ უნდა დაანგრიოს. ჯერჯერობით კი ყველაფერი ამ შესაძლებლობების გამოყენების საწინააღმდეგოდ და ევროსკეპტიკოსების გასახარად ხდება - „ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ მძევლები ინსტიტუციათშორისი დებატებისა, რაც არ გამოხატავს კარგი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ სიძნელეებს, რომელთა წინაშეც ახლა დგას ევროკავშირი - გაზრდილი მიგრაციის, გაძლიერებული პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გამო. მაგრამ, მოდით გავიაზროთ ისიც, თუ რა ფასი აქვს არასაჭირო, გაუმართლებელ დაგვიანებას იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ჩვენს საერთო ვალდებულებებს ასახავს. ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერება ისეთ მტკიცე და ერთგულ პარტნიორ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნაკლებად დაეხმარება ევროკავშირს გაუმკლავდეს მისი მოქალაქეების პესიმიზმს\".   მინისტრის ასეთმა კრიტიკულმა სვლამ ბევრის მოწონება დაიმსახურა და მათ შორის არის პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძეც. ის თვლის, რომ საქართველომ მუდმივად და ყველგან უნდა დაიცვას თავისი ინტერესები და საჭიროა გულახდილობა, მათ შორის, უკმაყოფილების გამოხატვის დროსაც - „უნდა შევახსენოთ, ალბათ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, რომ საქართველოშიც არსებობს საზოგადოება, რომელსაც აქვს გარკვეული მოლოდინები და საჭიროა, მათ იცოდნენ, რომ - ნებისმიერი მათი ასეთი (გაჭიანურებული) ნაბიჯი, ხელს უწყობს საქართველოში ევროსკეპტიკური პოზიციების გაძლიერებას. შესაბამისად, თუკი აქვთ სურვილი, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და საქართველოში არ მოხდეს ევროსკეპტიკური განწყობების ზრდა, მაშინ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საზოგადოებას არ გაუცრუოს იმედები ამ პარტნიორობამ“. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრებთან ერთად, პირველად სწორედ ბრიუსელში ჩავიდა, გიორგი გობრონიძეს ერთგულების მნიშვნელოვან გზავნილად მიაჩნია და ამ ფაქტს სიმბოლურად მიიჩნევს საქართველოს დიპლომატიური სამსახურიც. ეს აქცენტი დაისვა საქართველოს წარმომადგენლის ევროკავშირში, ელჩ ნატალია საბანაძის კომენტარშიც. აქვეა ბრიუსელში განსახილველი საკითხების ჩამონათვალიც - „ეს შეეხება უსაფრთხოების თემატიკას როგორც რეგიონში, ასევე საქართველოსთან მიმართებაში; ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას - რა გამოწვევებია, რა მიღწევებია ამ კუთხით; რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ვიზალიბერალიზაციას - იმ მოლოდინებს, რაც ჩვენ გვაქვს“.   ოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელში სამდღიანი (30 ნოემბერი-2 დეკემბერი) ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. სავარაუდოდ, სწორედ ამ თავყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომლის მოკლე ვერსია ახლახან გამოქვეყნდა. გიორგი გობრონიძეს, რომელიც გამოქვეყნებულ დოკუმენტს გაეცნო, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასში საფუძვლიანად არის ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, თუმცა ისიც ცხადია, რომ გამოწვევები რჩება და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.   პარალელურად, სამთავრობო ოფიციალური წყარო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და მარტინ შულცის შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტიანად გატარების მნიშვნელობას. დაგეგმილია კიდევ არაერთი შეხვედრა როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს სარბიელზე.   „რადიო თავისუფლება“

09:30 | 2016.12.01

wulukiani

„მიშას გუნდი“ იმარჯვებს? - ორი დაპირისპირებული მხარე „ნაციონალურ მოძრაობაში“


„ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი ფრთა - მიხეილ სააკაშვილის ერთგული მიმდევრები და ექსპრეზიდენტის ე.წ. მოწინააღმდეგეები შიდაპარტიულ ბრძოლას აგრძელბენ. რამდენიმესაათიანი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.   „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე დადგება. „პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყრილობა ჩატარდეს იანვრის ბოლოს. მე ამას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პოლიტსაბჭომ ასე გადაწყვიტა. ვფიქრობ, თავმჯდომარედ ბაქრაძის არჩევა პარტიას წაადგება. მიხეილ სააკაშვილი არ არის თავმჯდომარე, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღეს დევნილია. პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ცალკეა, შემდეგ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება და ყრილობაზეც დადგება ალტერნატივები. დღეს უბრალოდ გადაწყდა, როდის და რა ფორმით ჩატარდება ყრილობა. ამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა. ყრილობამდეც იქნება ამ საკითხზე მსჯელობა\", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.   ნუგზარ წიკლაური კი, ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება. მისივე თქმით, ეს არის სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის\" მიხეილ სააკაშვილი უპირობო ლიდერია. წიკლაურის განცხადებით, პარტია ინარჩუნებს მთავარ ღირებულებას, რომელიც ერთიანობასა და დემოკრატიულ ფასეულობებში გამოიხატება. „პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, შესაბამისად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის\" მიხეილ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდა 50 ადამიანი, ერთმა თავი შეიკავა. 25/24-ის წინააღმდეგ კი იყო საბოლოო შედეგი. ამ შედეგით გაიმარჯვა ალტერნატიულმა ვარიანტმა. ყრილობა იქნება მრავალრიცხოვანი, იმ წესებით, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდით. პარტია არის ერთიანი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება\", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობა იყო. პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება.   პარტიის ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ 25/24-ის წინააღმდეგ მოქმედი პარტიის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მოთხოვნამ გაიმარჯვა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს. „25/24, ერთმა თავი შეიკავა, გაიმარჯვა მიშას გუნდმა“, - წერს თაქთაქიშვილი, რომელიც ასევე „მიშას გუნდში“ მოიაზრება.   ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ერთი ნაწილი მომხრე იყო ყრილობის ჩატარების 2158 დელეგატის მონაწილეობით და ახალი თავმჯდომარის არჩევის, ხოლო მეორე ნაწილი, მხარს უჭერს უფრო მასშტაბურ ყრილობას 7 000 დელეგატის მონაწილეობით. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიის თავმჯდომარედ სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს.    

08:30 | 2016.12.01

wulukiani

რა თემებზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა?


საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები, 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი- აღნიშნული თემების განსახილველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.   ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.   ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.   გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად დელეგაციის გამოგზავნისთვის.   პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის გადამწყვეტი რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.   მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს.   შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. მხარეთა შეფასებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რათა წარმატებით დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი.   საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული რეფომების, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტიანად გატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული თანადგომისთვის.  

17:05 | 2016.11.30

wulukiani

სად გადის ეროვნული ინტერესების „წითელი ხაზი“


„ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ რუსეთის მხრიდან შესვლის პირველი შემთხვევა მალე სისხლის სამართლის წესით დასჯადი აღარ იქნება. ამ ცვლილების მიღება პარლამენტს უკვე გადაწყვეტილი აქვს და სწორედ ეს არის ის პირველი კანონპროექტი, რისი გადახედვითაც დაიწყო საქმიანობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალი მოწვევის პარლამენტში. პოლიტოლოგების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს \"ოცნების\" ამ გეგმას. ნაწილი კი ამბობს, რომ ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. \"ქართული ოცნების\" წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ \"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ\" საქართველოს კანონს არღვევს, სს წესით არ უნდა დაისაჯოს. ამიტომაც, ცვლილების მიხედვით, საუბარი მხოლოდ 400-ლარიან ჯარიმაზეა. თანაც, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური და სანქციებიც კი მიიღო იმის გამო, რომ ამ კანონის ლიბერალიზაცია არ მოხდა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“.   უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდიდან, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - გორიდან. კანონის დამრღვევი ისჯება სს კოდექსის 322-ე პრიმა მუხლით, სადაც წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე \"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ\" საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შევა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ადამიანი, ვინც საქართველოში შემოვა და პასპორტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა ექნება დაფიქსირებული, ან ჯარიმას გადაიხდის ან ციხეში ჩაჯდება. ის კანონპროექტი კი, რომლის მიღებასაც \"ქართული ოცნება\" ახლა აპირებს, 2013 წელს წარადგინა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ. პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის პირველი შემთხვევისას არა სს წესით, არამედ ადმინისტრაციული სახდელით, 400 ლარით უნდა დაჯარიმდეს. 2013 წელს ამ კანონპროექტს არასამთავრობოთა ნაწილისა და \"ნაციონალების\" დიდი კრიტიკა მოჰყვა და მისი განხილვაც შეჩერდა.   საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ასე ხელაღებით ცვლილებების მიღება არ შეიძლება და ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, ამ დათმობის შედეგად რა მოგებას მიიღებს სახელმწიფო, რადგან ამ ცვლილებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების \"წითელ ხაზს\" ვუახლოვდებით. „ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამის ასე ხელაღებით გადაწყვეტა არ შეიძლება. ოფიციალურ დოკუმენტებში არა, მაგრამ დროდადრო საერთაშორისო ორგანიზაციებში ცალკეული პირების, მკვლევარების მხრიდან არის კრიტიკა ამ საკითხზე. მაგრამ მეორე საკითხია, პასუხობს თუ არა ეს ცვლილება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აქ კი ორი აზრი არ არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, სად არის ის წითელი ხაზები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან“, - აცხადებს კაკაჩია. მისივე თქმით, აუცილებელია გარკვეული ანალიზი - \"თუ საქართველო ამ კანონს შეარბილებს, რას მიიღებს ქვეყანა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით იგივე ევროპიდან, რაც რეალურად არ ჩანს\", - წერს სტატიის ავტორი.   „მხოლოდ ცალმხრივ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობის პოლიტიკა რეალურად არ ამართლებს და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. ამ თაფლაკვერის პოლიტიკით ჩვენ რაღაცებს ვთმობთ, მაგრამ რას ვღებულობთ, გაურკვევლია. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს რომ იყოს რაღაც ხედვის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მხრიდანაა შემოთავაზებული, რომ, მაგალითად, თუ კანონს შეარბილებს საქართველოს ხელისუფლება, სამაგიეროდ რაღაც მოხდება აფხაზეთის ან რუსეთის მხრიდან და ამ პაკეტში მოიაზრებოდეს ეს, კი ბატონო, მაშინ ამის განხილვა ღირს.ცალმხრივად რაღაცის დათმობა კი აბსოლუტურად არ მესმის. ჩვენ დასათმობი მეტი არც არაფერი გვაქვს, რეალურად წითელ ხაზს მივუახლოვდით,\" - აღნიშნავს კაკაჩია. მისი თქმით, რადგანაც კანონი ჯარიმას ითვალისწინებს, ამიტომაც ახლა შეცვლის აუცილებლობა არც დგას. \"მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქე კანონის დარღვევის გამო დააპატიმრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განცხადება და თქვა, რომ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო. \"ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნამყოფები არიან აფხაზეთში, მაგრამ შესაბამის სამსახურებს არცერთი არ დაუკავებიათ. ისედაც შერბილებულია ეს კანონი და ამ ფონზე კიდევ უფრო დათმობა გაუგებარია. ეს კანონი საქართველოს ხელში ფსიქოლოგიური იარაღია. ტურისტს არ აჩერებენ ამის გამო, პლუს, ყველას შეუძლია გამოცვალოს პასპორტიც,\" - დასძენს კაკაჩია, რომლის თქმით, ამიტომაც ამ სიმბოლურ მნიშვნელობაზე უარი არ უნდა ვთქვათ.   „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი კანონის ლიბერალიზაციის მომხრეა, თუმცა იქვე ამბობს, რომ ცვლილება ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს და პლუს ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკას უნდა გადახედოს. „ცუდი არ იქნებოდა, ზოგადად ახალ ხელისუფლებას კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაზე უფრო ფართო კონსენსუსზე მუშაობა დაეწყო, რადგან ჩვენი სტრატეგია და ყველა სხვა დოკუმენტები საკმაოდ მოძველებულია და ნაკლებად ითვალისწინებს იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს. გააჩნია, ქვეყანა რა ტიპის პოლიტიკას ირჩევს. ამ კანონის ცვლილება თავისთავადი და ერთადერთი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს საერთო სტრატეგიის ნაწილი. თუ ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებას შევეცადოთ, მიმოსვლა გავაუმჯობესოთ, უფრო ლიბერალურ რეჟიმს თუ ვირჩევთ, ამ კონტექსტში გასაგებია ეს ნაბიჯი, თუმცა ცოტა მეტი დისკუსიაა საჭირო“, - ამბობს კანაშვილი. მისივე თქმით, გადაადგილების საკითხს \"კავკასიური სახლიც\" სწავლობდა და უახლოეს მომავალში აპირებს საკუთარი შეთავაზებებითაც მიმართონ ხელისუფლებას.   გადაადგილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მიდგომა განსხვავებულია. მაგალითად, დნესტრისპირეთში თუ ადამიანი გადადის არა მოლდოვის მიერ კონტროლირებადი საზღვრიდან, დნესტრისპირეთში რამდენიმე დღე ყოფნა ლეგალურადაა მიჩნეული, მხოლოდ რამდენიმე დღის შედეგ აუცილებლად უნდა აცნობოს ოფიციალურ ხელისუფლებას, რომ ის არის, ან იყო ამ ტერიტორიაზე. ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. შავი სიებიც კი არსებობს და ყველაფერს აკონტროლებენ. კვიპროსზე დაახლოებით იგივე შეზღუდვებია, რაც ჩვენთან, მაგრამ პრაქტიკის დონეზე დაჭერა არ ხდება. „ჩვენთან წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა დაჭერა, ახლა - არ არის. ვფიქრობ, რომ სჯობს, პრაქტიკა და კანონმდებლობა ერთმანეთს ასახავდეს. კანონი რეალობის შესაბამისი უნდა იყო. ჩემი ნება რომ იყოს, ადმინისტრაციულ ჯარიმასაც მოვხსნიდი ერთადერთი მიზნით - ადამიანს, რომელიც შემოვა ფსოუს მხრიდან, ენგურის ხიდის გადაკვეთა წყნარად შეეძლოს. ახლა, ადმინისტრაციულ ჯარიმამდე დაყვანით, ეს კვეთა მაინც არ შეიძლება და ამით რეალობა არ იცვლება. თუ ჯარიმას გავაუქმებთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გადაადგილებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს მიმოსვლას, რაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებდა გალის რაიონს და ეკონომიკურად აისახებოდა გალზე\", - აცხადებს კანაშვილი და დასძენს, რომ ეს ყველაფერი ფართო ჭრილში უნდა იყოს განხილული.   „რეზონანსი“

16:50 | 2016.11.30

wulukiani

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმუშევრობა 15%-მდე გაზარდა“


შევარდნაძის ხელისუფლება როდესაც გადაიბარა „ნაციონალურმა მოძრაობამ\", უმუშევრობა 12,3% იყო და მათ გაზარდეს 15%-მდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.   „ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გააჩნია წარსული და სწორედ ეს წარსული აძლევს მას მორალურ უფლებას, ისაუბროს რიგ საკითხებზე. ამ შემთხვევაში მე „ნაციონალურ მოძრაობას\" გამოვეხმაურები და როგორც ეკონომიკის პოლიტიკაზე, ისე, შესაბამისად, ადამიანის უფლებებზე, იგივე მედიის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და ა.შ., რაც ადამიანის უფლებების ფუნდამენტს წარმოადგენს, მე მგონი, მათ ამ ტონში და ზოგადად საუბრის მორალური უფლება არ აქვთ\", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.   დეპუტატის თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის\" მმართველობის დროს იხურებოდა ტელევიზიები, პატიმრდებოდნენ გადამცემი „თეფშები\", უგულებელყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.   ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ასევე კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის\" ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.   „შევარდნაძის ხელისუფლება როდესაც გადაიბარა „ნაციონალურმა მოძრაობამ\", უმუშევრობა იყო 12,3% და 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობა მათ უკვე გაზარდეს 15%-მდე. დერეგულაციამ, მსხვილმა პრივატიზაციამ, გადასახადების მინიმუმამდე დაყვანამ შედეგი ვერ მოიტანა. თუ ჩვენ ვაშენებთ ევროპულ საზოგადოებას და სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებულ საზოგადოებას, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფინანსური კრიზისის დროს სხვა საზოგადოების წევრები ეხმარებიან ბიუჯეტის თვალსაზრისით ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. რაც შეეხება აქციზის გადასახადებს, აქ არაჩვეულებრივად არის ნაპოვნი ბალანსი ჯანმრთელობას, ეკონომიკურ გარემოებასა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებას შორის. თუ გადახედავთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, მათ რეგულაციებს და მთლიან ეროვნულ შიდა პროდუქტში ბიუჯეტის წილს, თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს მიმართება საბიუჯეტო სახსრების მიმართ, ეკონომიკის მიმართ ბევრად უფრო ახლოა ევროპულ პოლიტიკასთან, ვიდრე ის ნეოლიბერალური მიდგომები, რაც თქვენ გაგაჩნდათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ რეფორმებს, რასაც ვატარებთ, არ უნდა შევუშინდეთ\", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.  

14:40 | 2016.11.30

wulukiani

გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა


გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ხდება. „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი მედიას თავად პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ წარუდგინა. ბურჯანაძის თქმით, სანიკიძის პარტიაში გაწევრიანებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.   როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება. გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს დიალოგის გამართვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.   გუბაზ სანიკიძემ „ეროვნუ პარტია“ ნოემბრის დასაწყისში დატოვა და მაშინვე განმარტა, რომ პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩებოდა. „ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიღმა დარჩენილ ოპოზიცურ სპექტრს აქვს სერიოზული გამოწვევები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას შეფასებას საკითხების გადახალისებას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას\", - ამბობდა მაშინ გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავდა.

13:34 | 2016.11.30

wulukiani

„პრობლემის გადაგორების მორიგი მცდელობა“ - რა ეფექტს უნდა ელოდოს მოსახლეობა მთავრობის ქმედებებისგან?


ლევან კალანდაძე - „ეს პრიორიტეტები პრაქტიკულად ესადაგება რეალურ გამოწვევებს“  გია ხუხაშვილი - „ერთი ხელით მისცე და მეორე ხელით წაართვა ეკონომიკას, ეს არ არის პოლიტიკა\"   მთავრობის რადიკალურ ეკონომიკურ ნაბიჯებს ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ და მთავრობას რჩევებსაც აძლევენ.   მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში წამყვანი ემოცია არის შიში და ეს ქაოტური წინ და უკან სირბილი არის გზა, რომელსაც არსად არ მივყავართ, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი და განმარტავს, რომ მთავრობა გადასახადების გაზრდით ცდილობს ამოიღოს ის თანხა, რომელსაც რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმებით კარგავს.   „მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივები სისტემურად პრობლემას არანაირად არ წყვეტს. ეს არის პრობლემის გადაგორების მორიგი მცდელობა, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია. იგივე იპოთეკარების პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის შეთანხმებები მოხდება, რა კურსი იქნება იმ დროს, როდესაც ეს ინიციატივა შევა ძალაში, -20 პუნქტი იმ სოციალურ რისკებს რეალურად გადაწყვეტს თუ არა, რაც წარმოშვა ამ პრობლემამ. მეორე, არ ვიცით, ლარში გადაყვანის შემთხვევაში რა იქნება საპროცენტო განაკვეთი. ანუ, ძალიან ნედლი ინიციატივაა და კონკრეტიკა არის ცოტა. აქედან გამომდინარე, ძნელია, რაიმე დიაგნოზის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და მხოლოდ პრობლემის გადაგორებას ემსახურება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.   რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, ხუხაშვილის აზრით, ეს მისასალმებელია ამ ეტაპზე, როდესაც ბევრი საეჭვო მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, თუმცა აქციზის ზრდა აბსოლუტურად გაუგებარია. „გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მაღალი სოციალური რისკების დროს ადამიანები ძალიან სარისკო გადაწყვეტილებებს იღებენ, რეგულაციების გამკაცრება ალბათ მისასალმებელია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ბევრი საეჭვო მოთამაშე გაჩნდა ამ ბაზარზე, რომლებსაც ფანტასტიკური პროცენტები აქვთ და ადამიანების სასოწარკვეთას იყენებენ მათი მდგომარეობის კიდევ უფრო დასამძიმებლად. სხვა საკითხია იგივე აქციზების ზრდა. ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად გაუგებარი და ძალიან წინააღმდეგობრივია. რეინვესტირების ფარგლებში მოგების გადასახადის გაუქმებას თითქოს ის მთავარი ამოცანა ჰქონდა, რომ ეკონომიკაში ჩაეტოვებინა ფული, მაგრამ აქციზების მომატებით, ფაქტობრივად, დაახლოებით იგივე თანხას უკან იღებს ეკონომიკიდან. ასე წყვეტენ საბიუჯეტო პრობლემას, ანუ მათ შეეშინდათ თავისივე ინიციატივის და იმისთვის, რომ ბიუჯეტში თანხები ამოექაჩათ, გაზარდეს გადასახადები. მაგრამ მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ინიციატივას? ერთი ხელით მისცე და მეორე ხელით წაართვა ეკონომიკას, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის შეშინებული ადამიანის ძალიან სტიქიური ქმედებები. ხელისუფლებას, ერთი მხრივ, ესმის, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მზად, რომ სერიოზულ რეფორმაზე აიღოს პასუხისმგებლობა და ასეთი მერყევი, წინ და უკან სირბილის რეჟიმში ცდილობს, რომ რაღაც გადააგოროს ცოტა ხნით მაინც\", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობის გაზრდა ფასების მომატებას გამოიწვევს.„ენერგომატარებლები არის ეკონომიკის საბაზისო ელემენტი და შესაბამისად, ეს სერიოზულად დაარტყამს სამომხმარებლო კალათას, რომელიც ისედაც უკვე ძალიან დამძიმებულია და ალბათ, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გადაისვრის. მგზავრობის საფასურზე შეიძლება, რაღაც სუბრისდირება განახორციელონ, მაგრამ აქციზის ზრდა გამოიწვევს გაძვირებას პრაქტიკულად ყველა სეგმენტზე, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, იმიტომ რომ ტრანსპორტირება დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი სერიოზული ელემენტია, მითუმეტეს, იაფი პროდუქტის შემთხვევაში. ლოგისტიკას თვითღირებულებაში აქვს ძალიან დიდი სეგმენტი, შესაბამისად, კი ბატონო, საბიუჯეტო პრობლემას წყვეტენ, მაგრამ თუ დაფიქრებულან, როგორ აისახება ეს ყველაფერი სამომხმარებლო კალათაზე, რომელიც ისედაც ძალიან დამძიმებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და სამომხმარებლო კალათის თვითღირებულება დიდწილად ყალიბდება დოლართან მიმართებაში და არა ლართან მიმართებაში და ამას ტრანსპორტირების კომპონენტში კიდევ უფრო აძვირებენ. გათვლები, ანალიტიკა კეთდება თუ არა ხელისუფლებაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაგებარია. ერთი ეკონომიკის ექსპერტი გამოვიდა, გააჟღერა რაღაცეები და მთავრობამ მაშინვე აიტაცა და მეორე დღესვე დაიწყო დანერგვა ისე, რომ მსჯელობაც არ ჰქონია, თუ რა რისკებს უკავშირდება ეს ყველაფერი. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მათ უბრალოდ არ ჰქონდათ გეგმა და „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო\" პრინციპიდან ამოვიდნენ. შეიძლება პირიქით იყო [და ეკონომიკის ექსპერტმა გააჟღერა მთავრობის გეგმა], მაგრამ წაღმა იყო თუ უკუღმა, ფაქტია, რომ სპონტანურობა არის წამყვანი. ერთი მხრივ, ეკონომიკაში ფული ჩატოვო და ამაზე ილაპარაკო ამაყი სახით მოგების გადასახადის შეღავათიან რეჟიმში გადაყვანით და მეორე ხელით იგივე თანხა, თუ მეტი არა, ჯიბიდან ამოუღო ეკონომიკას - ამას ჰქვია ეკონომიკური პოლიტიკა? მე ვფიქრობ, არა\", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.   ხუხაშვილისგან განსხვავებით, პრემიერის მიერ დაანონსებულ ღონისძიებების აუცილებლობას სრულად ეთანხმება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. „ეს პრიორიტეტები პრაქტიკულად ესადაგება რეალურ გამოწვევებს“, - ამბობს იგი. კალანდაძის განცხადებით, პრემიერის ინიციატივები რიგ შემთხვევებში არის არაპოპულარული და ცოტა ხისტი, მაგრამ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და დღის წესრიგის გათვალისწინებით, ეს არის ძალიან პრაგმატული ნაბიჯი.   „სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის კომპლექსური პრობლემა და მის მოსაგვარებლად სჭიროა ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც სხვადასხვა კუთხით უზრუნველყოფენ ქვეყანაში პოზიტიურ შედეგს, ეკონომიკური თვალსაზრისით. იმისთვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილ იქნას, ორი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში გადასაწყვეტი - პირველი უკავშირდება ფინანსური სტაბილიზაციის გეგმას. ფინანსური სტაბილურობის მაღალი ხარისხის გარეშე ძალიან ძნელია სწორი ეკონომიკური პროცესების წარმართვა და მეორე სქემა დაკავშირებულია სწორ საბიუჯეტო პროცესთან, ხარჯვითი ბიუჯეტის ოპტიმიზაციასთან და რაც მთავარია, გადასახადების შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფასთან\", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.   ექსპერტი მიიჩნევს, რომ ლარიზაციის თემამ მნიშვნელოვნად უნდა დაალაგოს და დაამშვიდოს სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა. „ვფიქრობ, ამან როგორც ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, მნიშვნელოვნად უნდა შეუმციროს ის რისკები, რომელიც ლარის კურსის ცვლილებების დროს ფინანსური დანაკარგების სახით აქვთ. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა გახდეს ეკონომიკური პროცესების აღძვრის ერთ-ერთი საფუძველი. მეორე საკითხია საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული თემები. სწორი აქცენტია გაკეთებული, როცა ვსაუბრობთ ხარჯების შემცირებაზე, სასურველი იქნება, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია 2017 წლის გარდა, 2018 წელსაც გაგრძელდეს და შემდეგი თემა უკავშირდება აქციზის განაკვეთის ზრდას. აქციზის განაკვეთის ზრდა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ განაკვეთის მატება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლებში მივიღოთ ზრდა, არამედ აქციზი არის უნიკალური გადასახადი იმ თვალსაზრისით, რომ აქციზის ზრდა პირდაპირ იწვევს იმპორტის შემცირებას. იმპორტის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი, უარყოფითი სალდო წარმოდგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას. ანუ სავალუტო ნაკადების შემცირების ტენდენციის უზრუნველყოფა საბოლოო ჯამში, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება\", - განაცხადა კალანდაძემ.   მისი თქმით, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება მომავალში საფუძველი გახდეს, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი პოლიტიკის. „ვნახოთ, ვფიქრობ, გარე ფაქტორები ამ ეტაპზე დალაგებულია, რაიმე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი არ იკვეთება ჯერჯერობით და თუ მიზანმიმართული იქნება ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დაანონსებულია, მხედველობაში მაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები, სივრცითი მოწყობის კონცეფიის განვითარება საქართველოში, სრულიად შესაძლებელია ეს ინიციატივები საფუძველი გახდეს სტაბილიზაციის, ნორმალური მასშტაბის და ხარისხის ჩამოყალიბების ქვეყანაში და ამან ხელი შეუწყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას“, - განმარტა კალანდაძემ.     (მომზადებულია „ინტერპრესნიუსის“ მასალების მიხედვით)

13:09 | 2016.11.30

wulukiani

„მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა. მისივე თქმით, მთავრობის მიდგომაა მაღალი გადასახადებით მეტი ფული წაართვას ხალხს და მერე თავისი სურვილების მიხედვით ანაწილოს ეს ფული საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, არაფრისმომცემ სამთავრობო პროგრამებზე, საკუთარი ნათესავებისთვის იაფი კრედიტების მიცემაზე, კომფორტსა და არასაჭირო სამივლინებო ხარჯებზე.   „გუშინ ივანიშვილის მთავრობამ გამოგვიცხადა, როგორ აპირებს, კიდევ უფრო გაუძვიროს ცხოვრება მოქალაქეებს, როგორ ამოაცალოს ფული ჯიბიდან ადამიანებს, როგორ გააღარიბოს ხალხი კიდევ უფრო მეტად. იმის ნაცვლად, რომ დაწიონ გადასახადები, ზრდიან გადასახადს და პრობლემას უქმნიან ათიათასობით ადამიანს. აქციზის ზრდა ნავთობპროდუქტებზე ნიშნავს ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდას, რასაც ჯაჭვურად მოყვება ფასების ზრდა ყველა ძირითად პროდუქტზე, რასაც მოქალაქეები ძირითადად ყიდულობენ. ლარის გაუფასურების გამო ფასების ზრდა ისედაც მაღალია სურსათსა და მედიკამენტებზე, სამწუხაროდ, მთავრობის ნაბიჯი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებს, რომ პენსია არ გაიზრდება. არც ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ივანიშვილის მთავრობა აპირებს, არ ემსახურება ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის შეჩერებას და ექნება საპირისპირო ეფექტი. დაანონსებული ნაბიჯები ავლენს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც თვითონვე შეიყვანა განვლილი 4 წლის განმვალობაში გადადგმული ასეთი არაკომპეტენტური და უგუნური ნაბიჯებით. ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია, ქვეყანა შეყავს კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და გამოიწვევს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.   „ინტერპრესნიუსი“

12:25 | 2016.11.30

wulukiani

„უნდა დავამსხვრიოთ წარმოდგენები მოსკოვში 37 მანეთად გაფრენის შესახებ“


„კარგად გვესმის ის სირთულეები, რომლებსაც ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციის, პოპულისტური და ექსტრემისტული იდეოლოგიების ფონზე აწყდება, თუმცა ასევე კარგად უნდა გავაცნობიეროთ საფასური [ვიზალიბერალიზაციის] პროცესის გაუმართლებელი დაყოვნებისა - საქართველოში ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერება მას ხელს არ აძლევს მოსახლეობის პესიმისტური განწყოებების დაძლევაში\" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინბისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი\" ისაუბრა.   ჯანელიძის თქმით, საქართველო პროცესების პოზიტიურ ჭრილში განვითარების მოლოდინი აქვს და ეს მოლოდინი ლეგიტიმურია, რადგან ევროკავშირმა საქართველოს პროგრესი აღიარა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშნელობა აქვს საქართველოსთვის და ეს მნიშნვნელოვანი პოლიტიკური მხარდჭერის გამომხატველი ჟესტი იქნება ევროკავშირის მხრიდან.   „ქართველებს საბჭოთა დროიდან ერთი სასიამოვნო მოგონება შემორჩა - რომ 37 მანეთად შეგეძლო მოსკოვში გაფრენა ნებისმიერ დროს. უნდა დავამსხვრიოთ ეს წარმოდგენები და ევროპის დედაქალაქები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ქარველებისთვის. სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ და მოვკლათ ანტიდასავლური ნარატივი, უზრუნველვყოთ ისტორიული კავშირის აღდგენა ევროპასთან. ვხედავთ, რომ განხილვის პროცესი დროში გაიწელა. ხშირად გვიმეორებენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება შეჩერების მექანიზმის რეგულირებაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვესმის დამატებითი ზომების მნიშვნელობა ვიზალიებრალიზაციის პოტენციური რისკების საწინააღმდეგოდ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ტყვე აღმოვჩნდით ინსტიტუციათაშორისი დებატისა, რაც ძნელად თუ გამოხატავს კარგი პარტნიორობის სულისკვეთებას\" - თქვა ჯანელიძემ.   „ლიბერალი“

12:10 | 2016.11.30

wulukiani

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლომ მუშაობა უნდა გააგრძელოს - არასამთავრობოების მოთხოვნა


ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გააგრძელოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა ჰააგის სასამართლოს წესდებას (რომის სტატუტს). ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი არცთუ მცირე პრობლემად მიიჩნევენ რუსეთის გადაწყვეტილებას აღარ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან და ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.   „სავარაუდო ომის დანაშაულებს ადგილი ჰქონდა საქართველოში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი და აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი გამოძიების საწარმოებლად... და ჰააგის სასამართლომ უნდა გააგრძელოს გამოძიება და გამოძებნოს გზები შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, გამოსაკვლევად და მოწმეებთან სამუშაოდ\", - ნათქვამია \"ადამიანის უფლებათა ცენტრისა\" და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში და აქვეა მოწოდება, რომ, რუსეთის არაკონსტრუქციული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და რომის სტატუტის წევრმა ქვეყნებმა.   საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხის დემონსტრირებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან ერთად ახლახან იმყოფებოდა ჰააგაში, რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე. ეს ღონისძიება დროში ზუსტად დაემთხვა რუსეთის ქმედებას. როგორც თამარ ავალიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მაინც რჩება გამოძიების გაგრძელებისა და დაგვირგვინების იმედი - „ჩვენ გვჯერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსი, რომ ის ალტერნატიულ მექანიზმებს გამოიყენებს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, გაგრძელდეს გამოძიება და, მეორე მხრივ, შესაბამისად აღსრულდეს მიღებული გადაწყვეტილება. ჰააგაში ყოფნისას, ჩვენ დავუსვით საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ეს შეკითხვა და მან გვითხრა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის... ჯერ ჩვენ არ ვართ ინფორმირებული და არც ვიქნებით ინფორმირებული, თუ რა მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს გამოიყენებს სასამართლო... მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერთადერთი მექანიზმია იმისთვის, რომ გამოიძიოს ომის დანაშაულები\".   მართალია, რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება (რომის სტატუტი) არ ჰქონდა რატიფიცირებული და მხოლოდ ხელმოწერა მას ისედაც არაფერს ავალდებულებდა, მაგრამ გამოძიებასთან მოსკოვის თანამშრომლობის შანსი მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც 16 ნოემბერს პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა რუსეთის სურვილი, უკან გამოეწვია სტატუტზე დასმული ხელმოწერაც.   რუსეთის ეს ნაბიჯი ჰააგის ტრიბუნალის მხრიდან უკრაინით დაინტერესებას მოჰყვა, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვის მოთმინების ფიალის ავსებაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს საკითხმაც. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის სასამართლო ფაქტებს აყალბებს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომზე ლაპარაკობს და ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად არ მიიჩნევს. ჰააგის ტრიბუნალის მუშაობის უსამართლო მეთოდებზე ლაპარაკისას მარია ზახაროვა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსაც ახსენებს - „სასამართლოს მუშაობის ასეთი მეთოდები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სასამართლო სულ უფრო ხშირად ემხრობა მოძალადეებს. ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით მაშინაც, როცა მიღებულ იქნა გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით... ამ სიტუაციაში აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობა ხელს ვერ შეუწყობს უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირებას, რაც მას არც მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყანაში გაუკეთებია. როგორც ჩანს, ამ ორგანოს აქტიურობა ემსახურება იმ საზოგადოების, ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული ისედაც რთული პრობლემების კიდევ უფრო გამწვავებას, რომლებიც კრიზისის დაძლევას ცდილობდნენ\".   მას შემდეგ, რაც რუსეთმა საბოლოოდ უარი თქვა ჰააგის სასამართლოზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ არაერთი განმარტების გაკეთება იმაზე, რომ რუსეთის ეს სვლა ბევრს ვერაფერს ცვლის. სწორედ ამაზე ლაპარაკობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილიც - „რუსეთს არ ჰქონდა რატიფიცირებული რომის სტატუტი, მიერთებული არ გახლდათ და როგორც ადრე, ასევე მომავალში ეს ხელს ვერ შეუშლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცესს... წინასასამართლო პროცესზე უკვე იქნა აღნიშნული, რომ ეს გამოძიება მათ შორის მოიცავს, დადგენის შემთხვევაში, რუსეთის პასუხისმგებლობას“.   მართალია, უკვე ძალიან მცირეა შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ითანამშრომლებს ჰააგის სასამართლოსთან, რაც სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, მაგრამ მესამე სექტორში მაინც სჯერათ, რომ, ადგილობრივი და საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, პროცესი ადეკვატურად წარიმართება და აუცილებლად დაისჯებიან ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირები.   „რადიო თავისუფლება“

09:30 | 2016.11.30

wulukiani

„ევროკავშირისა და საქართველოს ძლიერი ურთიერთობები“ - ევროკომისიის ანგარიში


„ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.   მისი თქმით, მხოლოდ ხუთი თვე გავიდა, რაც ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა და დღევანდელი ანგარიში აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებულ მდგრად სამუშაოს. „ევროკავშირსა და საქართველოს უკვე აქვთ ძლიერი ურთიერთობა. ჩვენ თანამოაზრე პარტნიორები ვართ, ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ასევე საერთაშორიო არენაზე. მხოლოდ ხუთი თვე გავიდა რაც ჩვენი ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა ივლისში და დღევანდელი ანგარიში აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებულ მდგრად სამუშაოს. ჯერ კიდევ საჭიროა ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონის დამტკიცება და დამატებითი ზომების მიღება. რეფორმების განხორციელება ყოველთვის მარტივი არ არის და მოითხოვს სიმტკიცეს და ლიდერობას, თუმცა ამას მოაქვს უთვალავი ახალი შესაძლებლობა ჩვენი ხალხისთვის\", - განაცხადა მოგერინიმ.   ევროკავშირის ევროპული საგარეო ქმედების სამსახური აქვეყნებს პრესრელიზს, რომელშიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარმატებულად განხორციელებულ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგზე.   ევროპული საგარეო ქმედების სამსახურისა და ევროკომისიის საერთო ანგარიში აფასებს საქართველოს როლს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში 2015 წლის 1 იანვრიდან. ის ხაზს უსვამს ძირითად მოვლენებსა და რეფორმებს, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განახორციელა რიგი რეფორმები, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ასევე ასოცირების ხელშეკრულების სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდა და მიღებული იყო ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციის კუთხით.   ანგარიში აღნიშნავს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრს, რომლებიც მოითხოვენ საკანონმდებლო ბაზის მიღებას და პარალელურად არსებული წესებისა და სტანდარტების განხორციელებას. ანგარიშის თანახმად, ეს აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დროთა განმავლობში ისარგებლებენ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო ფართო ურთიერთობებით.   ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას ეხება, აღნიშნულია ის სარგებელი, რაც ევროკავშირმა და საქართველომ მიიღო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დროებითი გამოყენების დაწყებიდან. ახლა ევროკავშირზე მოდის საქართველოს მთლიანი ვაჭრობის ¼, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით მოხდა საბაჟო ტარიფებისა და კვოტების ამოღება და საქართველოს სავაჭრო რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება.   ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, რაც დაადასტურა ევროკომისიამ თავის წინადადებაში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტისადმი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესახებ. ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

17:35 | 2016.11.29

wulukiani

თამბაქოზე აქციზი 2017 წლის 1 იანვრიდან გაძვირდება


1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგეგმება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურება.   „2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გულისხმობს რიგ ცვლილებებს შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისითაც, რაც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ერთ საერთო მიზანს ემსახურება - ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც პირველ რიგში აისახება ადამიანების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, რომლის ეკონომიკაც სწრაფად განვითარდა\", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.   აქციზის გადასახადი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზეც. განაკვეთის მატება შეეხება ნავთობროდუქტებსაც. 

16:11 | 2016.11.29

wulukiani

2017 წლის იანვარში მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის


ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შედის ძალაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.   პრემიერის განმარტებით, ეს კერძო სექტორს საშუალებას მისცემს, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან.   „მხოლოდ მოგების გადასახადის გაუქმებით, წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტირებისთვის. 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, მინიმუმ 2 მილიარდი ლარის დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება მინიმუმ 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი\",- განაცხადა კვირიკაშვილმა.   „ინტერპრესნიუსი“

15:51 | 2016.11.29

wulukiani

განხეთქილების ახალი ტალღა „ნაციონალურ მოძრაობაში“?


„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 22 წევრი ყრილობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტსაბჭოს წევრები დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარებას უჭერენ მხარს.   ამასთან, განცხადების ავტორები პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წინააღმედგი არიან, რადგან, მათი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა\" თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად. „ამ სიტუაციაში, ორმაგად მნიშვნელოვანია ჩატარდეს დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობა (მინიმუმ 7000 დელეგატი), რომლის მოწვევის წესი ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა და წარედგინა პარტიის პოლიტსაბჭოს. ასეთმა ყრილობამ მექანიკურად კი არ უნდა აირჩიოს მმართველი ორგანოების ახალი შემადგენლობა, არამედ უნდა გამართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა შევცვალოთ, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი. უნდა გაიზარდოს რეგიონული ლიდერების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების როლი პარტიის მმართველობაში. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებსდა მომხრეებს შორის გაჩნდა ძლიერი მოთხოვნილება, რათა მონაწილეობა მიიღონ ყრილობაში და პარტიის სამომავლო ბედის განსაზღვრაში. ყრილობა უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი ფენისა და ინტერესისგამომხატველი ერთობა,მიზიდულობის რეალური ცენტრი, სადაც განსხვავებული ადამიანები საკუთარ ადგილს დაინახავენსაერთო მიზნისთვის ბრძოლაში.   ასევე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას ენმ-ის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით: ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად და რომ ჩვენი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები აღარ წამოადგენენ დაპირისპირების საგანს ოლიგარქთან. ეს იქნება დეკლარაცია, რომ პარტია ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, რაც აუნაზღაურებელ ელექტორალურ ზიანს მიაყენებს ჩვენს ბრძოლას. ამ ნაბიჯის სასარგებლოდ არ არსებობს არცერთი პრაგმატული არგუმენტი. პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ:   1. პოლიტსაბჭოს 2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ხოლო ის გარემოებები, რომელთა გამოპოსტი ვაკანტურია, არ შეცვლილა. 2. ნაციონალური მოძრაობის წესდების მიხედვით პარტიის თავმჯდომარეს აქვს დიდწილად ცერემონიული უფლებამოსილებები. შესაბამისად, ამ პოსტის ვაკანტურობა პარტიის ეფექტურობას არაფერში უშლის ხელს. 3. თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობა რომ შემაფერხებელი ფაქტორი ყოფილიყო, მაშინ ეს თავიდანვე - ან, როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე - უნდა თქმულიყო, რაც არ გაკეთებულა. 4. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აქვთ იდენტური უფლებამოსილებები. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა, შესაძლოა გაკეთებულ იქნას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ. 5. პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევით,ნაციონალური მოძრაობა დე იურე აღიარებს პოლიტიკური დევნის შედეგებს, რაც უაღრესად დამაზიანებელი იქნება პარტიისთვის და უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შემდგომ სამართლებრივ დაცვაზე. მძიმე გამოწვევები, რომლებიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა, დროსთან ერთად, მხოლოდ გაღრმავდება. ნათელია, რომ ივანიშვილი აგრძელებს ძალაუფლების მონოპოლიზებას, ინსტიტუტების გაუქმებასა და ტოტალიტარული, ოჯახურ-კლანური ვერტიკალის გამყარებას. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს,მნიშვნელოვანია, ღიად განვაცხადოთ: რომ ვართ ყველა მხარდამჭერის ხედვებისა და მისწრაფებების ამსახველი ფართო,დემოკრატიული ერთობა. მომავალი ყრილობა განსაზღვრავს, დავუბრუნდებით თუ არა საწყისებს და ისევ გავხდებით თუ არა საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელიც გახსნილი იქნება უკლებლივ ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსული ოკუპაცია და ივანიშვილია. ძალა ერთობაშია, საქართველო გაიმარჯვებს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.   განცხადების ავტორები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლოტიკური საბჭოს წევრები - ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი.   ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით კი, „ნაციონალური მოძრაობის\" ყრილობის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო 30 ნოემბერს მიიღებს.   „ყრილობა შეიძლება, 50 ათას კაციანიც იყოს და 150 ათას კაციანიც. კანონით მინიმუმი 300 წევრია საჭირო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, უფრო მეტი დელეგატი დაესწროს ყირლობას და ამას წინ არაფერი უდგას. „ნაციონალურ მოძრაობას\" მხარდამჭერებიც ბევრი ჰყავს და წევრებიც, უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება. ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს - ყრილობას, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ ყრილობას, რომელიც ფართო წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა კონკრეტული შედეგების მიღება რთული იქნება\", - განაცხადა გოგორიშვილმა.      

15:20 | 2016.11.29

wulukiani

ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს 18 იანვარს განიხილავს


ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხის გახილვა 2017 წლის 18 იანვარს იგეგმება. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ დღის წესრიგში.   ევროპარლამენტის ვებგევრდზე განთავსებული წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატები იანვრის სესიაზე უვიზო რეჟიმის შეჩერებს მექანიზმის საკითხის განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.   ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოსა და უკრაინის უვიზო რეჟიმი მხოლოდ შეჩერების მექანიზმის მიღების შემდეგ ამოქმედდება. ამგავრად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ დასრულდება.   „2030“

13:50 | 2016.11.29


  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 160

ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია