მთავარი → მსოფლიო

მსოფლიო


wulukiani

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი დონალდ ტამპს ურჩევს, მოსკოვთან სიფრთხილით იმუშაოს


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ჯონ ბრენანი ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ურჩევს, მოსკოვთან სირიის კრიზისის დასარეგულირებლად სიფრთხილით იმუშაოს.   ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი და ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილით უნდა მიუდგნენ მოსკოვის დაპირებებს. ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ რუსეთი თავის დაპირებებს არ ასრულებს.   ბრენანის თქმით, ამჟამად რუსეთი სირიაში მთავარი მოთამაშეა, თუმცა მას ეჭვი ეპარება, რომ კრემლი ქვეყნის მომავალის შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება. ბრენანის მტკიცებით, დამასკო და მოსკოვი სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე პასუხსიმგებელნი არიან. ამავე დროს, სადაზვევრო სამსახურის ხელმძღვანელი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს გამოთქვამს.   „2030“

15:25 | 2016.11.30

wulukiani

პუტინის რეიტინგი - დასავლეთის თავსატეხი და რუსეთის სიამაყე


ეკონომიკური კრიზისის და ცხოვრების სტანდარტის გაუარესების მიუხედავად ვლადიმირ პუტინისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა ისევ მაღალია. პუტინის 86-პროცენტიანი რეიტინგი დასავლელი ანალიტიკოსებისთვის, ხშირად, თავსატეხია. რუსეთში, „ლევადის ცენტრის“ მიერ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის ლიდერისადმი მხარდაჭერა ქვეყნის მიერ სამეზობლოში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების პარალელურად იზრდება.   ლევადის ცენტრის დირექტორი, ლევ გუდკინი ამბობს, რომ ამის მაგალითი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსიაა. ორივე კონფლიქტის შემდეგ პუტინის რეიტინგი 80 პროცენტს გასცდა. მიზეზად გუდკინი „ეროვნულ სიამაყეს“ ასახელებს. „ხელისუფლებაში“ პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო განწყობის შექმნა, რომ რუსეთი არის მსხვერპლი, რომ მას ჰყავს მტრები. ამან გამოიწვია შიდა მხარდაჭერის და ერთიანობის კონსოლიდირება. მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, რომ რუსეთმა დაიწყო აღმავლობა და რომ ის ისევ დიადი სახელმწიფო - „ველიკაია დერჟავა\" ხდება; რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება და რომ ამით იზრდება რუსეთისადმი პატივისცემა. ეს კი ზრდის რუსების ეროვნულ სიამაყეს. 2008 წლის ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოკითხულები ამბობდნენ, რომ რუსეთმა კბილები გამოაჩინა, რომ მას ვერაფერს გაუბედავენ. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სოციალური პროტესტის შესაძლებლობებს ამცირებს“.   რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე, მოსახლეობის მიერ მთავრობის და პირადად პუტინის აღქმებზე გუდკინმა ვაშინგტონში, უიდროუ უილსონის ცენტში ისაუბრა.  საშინაო პრობლემების მიუხედავად, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი და ეკონომიკის დაღმასვლა, პუტინის რეიტინგები მაინც მაღალი რჩება, რასაც რუსეთის მკვლევარი და უილსონის ცენტრის დირექტორის მოადგილე უილიამ პომერანცი ლიდერისადმი ერთგულებით ხსნის. მისი თქმით, პუტინი მოსახლეობის საშინაო პრობლემებიდან ყურადღების საგარეო პოლიტიკაზე გადასატანად „კრიზისის ექსპორტს\" მიმართავს.   „ყველაზე შემაშფოთებელი ამ ამბავში ის არის, რომ, როგორც ჩანს, პუტინს მსგავსი კრიზისების შექმნა სჭირდება რათა გაიმყაროს მოსახლეობის მხარდაჭერა. მთავარი კითხვაა - რას იზამს პუტინი თუ ის იგრძნობს რომ რუსეთში მისი პოპულარობა კლებულობს, კითხვად რჩება რას იზამს პუტინი მისი მხარდამჭერების და პოპულარობის გასაზრდელად. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ამისთვის პუტინს საგარეო კრიზისი ჭირდება, საგარეო კონფლიქტებით ახდენს ის მხარდამჭერთა მობილიზებას. ეს კი ძალიან სახიფათო მიდგომაა“,- ამბობს პომერანცი.   „ლევადის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ პუტინის მაღალი რეიტინგის მიუხედავად, გამოკითხულები მთავრობით უკმაყოფილებას არ მალავენ. მოსახლეობის უკმაყოფილება, ძირითადად, დაბალ შტოებზე მოდის. „ხალხი უკმაყოფილოა მთავრობის, პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის მუშაობით. ხალხის უკმაყოფილებას და ნეგატიურ განწყობას ისინი იზიდავენ“, - აცხადებს პომერანცი.   პუტინის 86-პროცენტიანი რეიტინგი, გუდკინის თქმით, არ უნდა აღვიქვათ, როგორც მისი ქარიზმატულობით აღტაცება: „პუტინი ქარიზმატული ლიდერი არ არის. მას არ აქვს ქარიზმატული ლიდერისთვის ან დემაგოგისთვის დამახასიათებელი არც ერთი თვისება. ქარიზმატული ლიდერისგან განსხვავებით ის ქვეყანას ახალ კურსს, ახალ პოლიტიკურ მიმართულებას არ აჩვენებს. პუტინი ეფუძნება ძალოვან სტრუქტურებს და მოსახლეობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული რეჟიმის ხასიათი“. კონფლიქტების მიღმა პერიოდში პუტინისადმი სიმპათიას მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი გამოხატავს. დიდი ნაწილის მთავარი განწყობა ინდიფერენტულობაა. „სწორედ ეს არის კრემლის პოლიტიკის მიზანი - მოსახლეობა იყოს ინდიფერენტული და რაც შეიძლება ნაკლებად ჩართული ქვეყნის პოლიტიკაში,\" ამბობს გუდკინი. ლევადის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ასევე აჩვენებს, რომ პუტინისადმი სიმპათია და რუსეთით, როგორც „ველიკაია დერჟავათი\" სიამაყე ვრცელდება როგორც იმათზე, ვისაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ახსოვთ, ასევე ახალგაზრდებზე, რომლებიც 90-იანი წლების სირთულეების მომსწრენი გახდნენ.   „თუ 1999 წელს გამოკითხულთა 65 პროცენტი მიიჩნევდა რომ რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა „სუპერ დერჟავის\" სტატუსი, 2008 წელს საქართველოსთან ომის და 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს, მოსახლეობაში გაიზარდა „დიდი სახელმწიფოს\" აღზევების განცდა. „დერჟავის\" სტატუსის დაკარგვა რუსებისთვის დიდი ტრამვა იყო, ყირიმის შემდეგ კი რუსეთმა, მათი აზრით, ეს სტატუსი აღადგინა. რაც უფრო მკაცრი იყო რუსეთის ქმედებები, უფრო ძლიერდებოდა სიამაყის გრძნობა“, - ამბობს გუდკინი. მკვლევარის თქმით, სწორედ ეს სიამაყის განცდა აერთიანებთ პუტინის მხარდამჭერებს მიუხედავად მათი ასაკისა და ისტორიული მეხსიერებისა. როგორც კვლევებიდან ირკვევა, საგარეო პოლიტიკის გარდა, არც ერთ სხვა სფეროში მაღალი მოწონება და მხარდაჭერა არ აქვს.   „ახალი თაობა ძალიან რთულ პერიოდში იზრდებოდა, როცა ყველა ხედავდა ქვეყნის პრობლემებს, უმრავლესობას სურს სჯეროდეს მისი ქვეყნის, უნდათ სჯეროდეთ, რომ მათი ქვეყანა ძლიერია, ამ თვალსაზრისით ახალგაზრდების განწყობა არ არის გასაკვირი. არ არის გასაკვირი, რომ ახალგაზრდები, ვინც ელცინის რეფორმების დროს სირთულეში იზრდებოდა, პუტინს ხედავს როგორც სტაბილურობის და პატრიოტიზმის წყაროს“, -ამბობს უილიამ პომერანცი.   ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობა მიიჩნევს რომ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩამონათვალს შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი საქართველოა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო ამ ჩამონათვალს ლიდერობდა, მაშინ მოსახლეობის 68 პროცენტი საქართველოს რუსეთისადმი ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ მიიჩნევდა.   „ამერიკის ხმა“

09:30 | 2016.11.29

wulukiani

პუტინი - „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“


„რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“, - თქვა დღეს ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიაზე.   ამ თემაზე საუბარი, რუსეთის პრეზიდენტმა 9 წლის მიროსლავ ოსკირკოსთან დაიწყო (ეს ბავშვი ინტერნეტსივრცეში ცნობილი გახდა იმით, რომ ყველა ქვეყნის დედაქალაქი იცის).   „სად მთავრდება რუსეთის საზღვარი?“, - ჰკითხა პუტინმა ბავშვშს, რომელმაც დაუფიქრებლად უპასუხა - „რუსეთის საზღვარი მთავრდება ბერინგის სრუტის შემდეგ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებია“.   პასუხად პუტინმა ღიმილით უპასუხა - „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“. დარბაზის რეაქციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დაამატა - „მაგრამ ეს ხუმრობაა“.    

19:05 | 2016.11.24

wulukiani

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი „გაიყინა“ - რეზოლუცია ევროპარლამენტში


ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, მოლაპარაკება თურქეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შესახებ უნდა შეჩერდეს. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დროებით „გაყინვას\" ევროპარლამენტის 479-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 37 დეპუტატი იყო. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.   ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აპირებს სამომავლოდ, თურქეთთან ურთიერთობების განვითარებას. ურთიერთობა ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიმდინარე წლის ივლისში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ დაიძაბა, რის შემდეგაც თურქეთის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დააკავა, უამრავი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.   გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან, ევროკავშირს აღელვებს დისკუსია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, თურქეთში სიკვდილით დასჯა დაბრუნდეს. გერმანიის ხელისუფლებამ თურქეთი გააფრთხილა - თუკი ქვეყანა გადაწყვეტს სიკვდილით დასჯა კვლავ შემოიღოს, მოლაპარაკებები ანკარასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეჩერდება. ევროკავშირი და გაერო თურქეთს ჟურნალისტების დევნის გამოც აკრიტიკებს. თურქული მხარე კი აცხადებს, რომ ისინი ევროკავშირის შეხედულებას აღნიშნულ საკითხებზე არ გაითვალისწინებენ.   ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას არანაირი მნიშვნელობა აქვს. „თურქეთი უნდა დაწყნარდეს, არ შეიძლება იმის თქმა - „ევროკავშირი ნებისმიერ ფასად\". ასეთია ჩემი მოსაზრება\",- აღნიშნა ერდოღანმა.   „პირველი არხი“

17:56 | 2016.11.24

wulukiani

ტრამპი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას“


აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არ სურს ცნება „გადატვირთვის\" გამოყენება რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, თუმცა ადასტურებს, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მოსკოვთან. ეს პოზიცია მან გამოხატა 22 ნოემბერს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის\" რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე.   ამ შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას\". შეგახსენებთ: ცნება „გადატვირთვა\" 2009 წელს გაჩნდა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში - გაჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. 2009 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გადასცა სიმბოლური საჩუქარი: წითელი ღილაკი, წარწერით „გადატვირთვა\". მიზნად გამოცხადდა თანამშრომლობა ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის გამო დაძაბულობის გამწვავების შემდეგ.   გადატვირთვის პოლიტიკის არაერთი კონკრეტული შედეგის - მათ შორის, ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2010 წელს ახალი ხელშეკრულების (ახალი „სტარტის\") გაფორმების - მიუხედავად, 2012 წელს უკვე ნათელი იყო, რომ გადატვირთვას აშშ-რუსეთის ურთიერთობა არსებითად არ გამოუსწორებია. 2014 წლიდან კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული.   ამ ფონზე, აშშ-ში წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის არაერთმა განცხადებამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ აშკარად დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა, ბევრს გაუჩინა შეკითხვა, პრეზიდენტის რანგში ტრამპი მოსკოვთან დაახლოებას, „გადატვირთვის\" გამეორებას ხომ არ შეეცდება.   თუმცა დონალდ ტრამპს, როგორც ირკვევა, არ სურს ამ ცნების გამოყენება. „არ გამოვიყენებდი ამ ტერმინს იმის მერე, წინათ რაც მოხდა. ვფიქრობ, ძალიან გამიხარდება რუსეთთან კარგი ურთიერთობა და, ვფიქრობ, იმათაც გაუხარდებათ, თუ ჩვენთან კარგი ურთიერთობა ექნებათ. ეს ჩვენს, ორივეს ინტერესებშია\", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანვე „ნიუ-იორკ ტაიმსის\" გუნდთან შეხვედრისას გაიხსენა, რას ამბობდნენ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს პუტინის მიმართ ტრამპის დამოკიდებულებაზე: „როცა კამპანიის დროს ამბობდნენ, დონალდ ტრამპს უყვარს პუტინი, პუტინს უყვარს დონალდ ტრამპიო, მე ვამბობდი, განა კარგი არ იქნებოდა (...), კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან-მეთქი? კარგი არ იქნებოდა, ერთად ვებრძოლოთ „ისლამურ სახელმწიფოს\"? - ეს სიტყვები წარმოთქვა დონალდ ტრამპმა, რის შემდეგაც გადატვირთვის პოლიტიკა აღარ უხსენებიათ „ნიუ-იორკ ტაიმსის\" რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე.   როგორ აპირებს დონალდ ტრამპი რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, ეს კვლავაც არ არის ნათელი.   „რადიო თავისუფლება“  

10:00 | 2016.11.24

wulukiani

ევროპაში საშობაოდ ტერაქტებია მოსალოდნელი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში საშობაოდ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი გაფრთხილება უწყების ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.   სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ \"ისლამური სახელმწიფო\" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ევროპაში საშობაო ღონისძიებებზე თავდასხმებს გეგმავენ.   უწყება აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ დაყურადღებისკენ მოუწოდებს ტურისტული ობიექტების მონახუებისას, ტრანსპორტსა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას.   „საჭიროა სიფრთხილე ფესტივალების, საზეიმო ღონისძიებების და ბაზრობების დროს\", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.   სახელმწიფო დეპარტამენტი აფასებს ევროპული უსაფრთხოების სამსახურების ძალისხმევას, რომელიც ტერაქტების აღკვეთისკენაა მიმართული, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი თავდასხმების პოტენციალი ევროპის სხვადასხვა ნაწილში კვლავ არსებობს.   21 ნოემბერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.   „2030“

10:41 | 2016.11.22

wulukiani

პუტინი სააკაშვილის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და ყველა უკრაინელის შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი\" იუწყება.   „ეს იყო უბრალოდ შეფურთხება, ოდესელებისა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა. მას აშშ-ი სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს. უნივერსიტეტებს მისი სამსახურში აყვანაც კი არ უნდოდათ, მაგრამ გამოდის, რომ ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება შეეძლო. ნუთუ არ არსებობენ პატიოსანი პროფესიონალი უკრაინელები მსგავსი თანამდებობისთვის?\", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში ფილმისთვის „უკრაინა ცეცხლში\".   სტოუნის ფილმის „უკრაინა ცეცხლში\" პრემიერა 21 ნოემბერს, რუსულ ტელეარხის „რენ ტვ“-ის ეთერში გაიმართება.  

14:37 | 2016.11.21

wulukiani

ობამას და პუტინის შეხვედრა


ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის პერუში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაესაუბრნენ.   შეხვედრა სულ ოთხ წუთს გაგრძელდა. როგორც კრემლსა და თეთრ სახლში აცხადებენ, პრეზიდენტებმა სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.   ობამამ მოუწოდა პუტინს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულს. ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ უკრაინის საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.   სირიის თემაზე საუბრისას აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საგარო უწყების თანამშრომლობის აუცილებელობაზე გაამახვილა ყურადღება, რათა სირიაში ძალადობა შეწყდეს.   „ჩვენ ხანმოკლეს საუბარი გვქონდა სესიებს შორის. ეს დიალოგი იყოს იგივე შინაარსის, რაც წინა საუბრები. მე დავაფიქსირე ღრმა შეშფოთება იმ სისხლისღვრისა და ქაოსის გამო, რომელსაც სირიის და რუსეთის ავიაციის მიერ ქალაქ ალეპოს დაბომბვა იწვევს. ასევე აღვნიშნე, რომ პირველ რიგში, აუცილებელია რამე სახის ჰუმანიტარული ზავი, შემდეგ კი პოლიტიკური ცვლილებები\", - განაცხადა ბარაკ ობამამ.   ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი რუსეთში მიიწვია. „მე და პრეზიდენტმა ობამამ დავადასტურეთ, რომ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთს და პატივისცემით ვეკიდებით ერთმანეთის პოზიციას. მე მადლობა გადავუხადე მას თანამშრომლობისთვის და აღვნიშნე, რომ სიხარულით მივიღებთ მას რუსეთში\", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.   პერუში გამართული ეს შეხვედრა სავარაუდოდ ბოლო იყო, რომელიც ბარაკ ობამამ პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გამართა.   „2030“

10:44 | 2016.11.21

wulukiani

უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირს, ვიზალიბერალზიაციის პროცესი გაჭიანურების გარეშე დაასრულოს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენო მიესალმება ევროკავშირის მუდმივ წარმომდგენელთა კომიტეტის (COREPER) გადაწყვეტილებას უკრაინის ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტთან მოლაპრაკებების დაწყების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.   პეტრო პოროშენკო ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ვიზალიბერალზიაციის პროცესი გაჭიანურების გარეშე დაასრულოს. „მოვუწოდებ ევროკავშირს, დაასრულოს უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესი მომდევნო გაჭიანურების გარეშე და შეასრულოს თავისი ვალდებულებები\", - წერს პოროშენკო.   ევროკავშირის საბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, უკრაინის ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.   24 ნოემბერს, უკრინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ოქტომბრის ბოლოს პოროშენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესს 24 ნოემბრამდე დაასრულებს.    

12:18 | 2016.11.18

wulukiani

პოროშენკო სააკაშვილის მოქალაქეობას ჩამოართმევს და საქართველოს გადმოსცემს?


მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. როგორც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, უკრაინის პრეზიდენტმა სასამართლოს გზით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრებს, დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის დაავალა.   „ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოსა და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი\", - წერს მიხეილ სააკაშვილი.   სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ პირებისთვის, რომლებსაც სხვა მოქალაქეობა არ გააჩნიათ. „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ ბანდიტი თაღლითების მომსახურეობით, არამედ მათ რჩევებსაც უსმენს\", - აღნიშნავს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.   სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი გუშინ ერთმა დეპუტატმა უკვე საჯაროდ დააყენა. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. რაბინოვიჩმა აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადირება, სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა. „ვინაიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემისას დარღვეული იყო უკრაინის კანონები, მე მოვითხოვე ამ საკითხის კანონის სიბრტყეში დაბრუნება. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ ის \", - განაცხადა დეპუტატმა.   უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა. იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას წყვეტს,  უკრაინის მოქალაქოების მიღების შემდეგ, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღრ არის.  

10:33 | 2016.11.17

wulukiani

რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენას იბრუნებს - რა მიზნები აქვს კრემლს?


„რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე გავლენას იბრუნებს, რაც უკვე გაფორმდა ორ ქვეყანაში, მოლდოვასა და თვით ნატო-ს წევრ ბულგარეთში, სადაც ღიად პრორუსი პრეზიდენტები აირჩეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელ დასავლეთს ეკონომიკური სანქციებით თუ მთელი რიტორიკით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული და მის დასუსტებას ცდილობს. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ რუსული გავლენის გაზრდაზე მიანიშნებს ამ ორ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და დასავლეთი დროზე უნდა გამოფხიზლდეს.პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, სულაც არ არის უცნაური, რომ რუსეთმა შესაძლოა ბულგარეთისა და მოლდოვას არჩევნები საკუთარი სცენარით წარემთრა, რადგან ის დიქტატორია, ძლიერი ლიდერი, ევროპაში კი ძლიერი ლიდერები არ არიან“, - წერს გაზეთი „რეონანსი“.    „ევროპის ლიბერალურმა პოლიტიკამ, ამ მულტიკულტურალიზმმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ამიტომაც ხალხი უფრო კონსერვატიული იდეებისკენ ბრუნდება. გარდა ამისა, ბულგარეთში, იგივე სხვაგან, მასების დიდი უკმაყოფილებაა ელიტით. ხალხი ღარიბდება, ელიტა - მდიდრდება. მიგრანტების ეშინია ყველას, ხალხს მოენატრა მტკიცე ხელი და ამიტომ უფრო რუსეთისკენ გადაიხარნენ. ისინი რუსეთში არ ცხოვრობენ და არ იციან ზუსტად, იქ რა ხდება, ესმით, რომ პუტინი ძლიერი ლიდერია და ეს მოსწონთ. ამიტომაც რუსული გავლენა კატასტროფული ტემპით იზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპი და პუტინი დიდი ხნით დამეგობრდებიან, ამ ორი ქვეყნის ინტერესებს სადღაც გადაიკვეთება“, - აცხადებს ცინცაძე.   აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს მოლდოვაში გამარჯვება მოიპოვა სოციალისტური პარტიის პრორუსმა წარმომადგენელმა იგორ დოდონმა, რომელიც აცხადებს, რომ ის \"ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთი ენდობა\". „ვფიქრობ, რომ ეს კომპლიმენტია ჩემთვის\", - განაცხადა დოდონმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის ლიდერის მსგავსი პოლიტიკოსი გახდეს. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის \"გაძლიერდა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი.\" მისი მთავარი საარჩევნო დაპირება კი რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება იყო. დოდონის თქმით, საგარეო კურსის არჩევისას ის რეფერენდუმს გამოაცხადებს და დაეყრდნობა მართლმადიდებლობას, როგორც \"მოლდოველების მორალურ საყრდენს.   ასევე 13 ნოემბერს ბულგარეთშიც გაიმარჯვა სოციალისტური პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა - რუმენ რადევმა, რომელიც ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალია. რადევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ბულგარეთის წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს. გარდა ამისა, რადევი ირწმუნება, რომ ბულგარეთს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით \"უფრო პრაგმატული მიდგომა\" უნდა ჰქონდეს.   პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ორივე ქვეყანაში პროდასავლური ძალების მიმართ იმედგაცრუების სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წარუმატებლობაა და რუსეთმა არცთუ დიდი ძალისხმევა დახარჯა, რომ ამ ორ ქვეყანაში რუსულ ინტერესებს გაემარჯვათ. „რუსეთს ამ შედეგის მისაღებად განსაკუთრებული ფინანსები არ გაუღია. რუსეთი ამ პროცესებს მხარდამჭერი იყო საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით და არ არის გამორიცხული ამ ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების ფინანსური წახალისების თვალსაზრისითაც. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციისთვის ევროპამ და აშშ-მა ამავე ქვეყნებში დახარჯა. იმის თქმა მინდა, რომ არასწორი ინტეგრაციული პოლიტიკის შედეგად დღეს ვიღებთ იმ რეალობას, რომ რუსეთი ფაქტობრივად მიზერული ფინანსური დანახარჯებით ყოფილი საბჭოთა სივრცის რეკონსტრუირებას ახდენს. რუსული გავლენის ზრდა უახლოეს 6 თვეში განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ის შეეცდება ისარგებლოს აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის და საგარეო ხედვის მკვეთრად ჩამოყალიბების პერიოდით. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება ბევრი მონაგარი აიღოს ხელში და შემდგომ დე ფაქტოდ დამდგარი რეალობიდან წაუყენოს თავისი პირობები დასავლეთსა და აშშ-ს, რომ უკვე გაფორმებული გავლენების პოზიციიდან ესაუბროს აშშ-ს,\" - აღნიშნავს ლაგაზიძე.   დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, მოლდოვა დიდი ხანია რუსულ ორბიტაზეა, არჩევნებმა ოფიციალურად დაადასტურა ის, რაც ყველასთვის დიდი ხანია ცნობილი იყო, რომ ამ ქვეყანაში პროდასავლურმა ვექტორმა კრახი განიცადა. ბულგარეთი კი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანაა და აქ პრორუსი პრეზიდენტის არსებობა დიდ არაფერს შეცვლის, ის რუსეთის გავლენის ქვეშ ვერ დაბრუნდება.   თვლის, რომ თუ ევროპას მართლა უნდა, რომ ევროპად დარჩეს, ყურადღების ცენტრი საქართველოსკენ უნდა გადმოიტანოს, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა პარტნიორი ევროპას არ რჩება. „ბულგარეთი და ბალტიისპირეთი NATO-ს წევრებია და ვერსად გაექცევათ. მოლდოვა დაკარგეს, ერთი საქართველო დარჩა აღმოსავლური პარტნიორობის წევრი. საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა და ჩვენი 4-მილიონიანი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა ევროპისთვის არაფერს არ ნიშნავს. თანაც უკრაინის მსგავსი კორუფცია ჩვენთან არ არის. უკრაინა კი ჩამოწერეთ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა არ მაინტერესებს და თუ ევროპელებს გაინტერესებთ ფული და იარაღი თქვენ მიეცითო. პოროშენკო კი აშშ-ს იმედზე იყო, ევროპელებს მისთვის იარაღი არ მიუციათ,\" - მიიჩნევს ცინცაძე. თუმცა სოსო ცინცაძე იქვე საქართველოსთვის არასასურველ სცენარს უფრო პროგნოზირებსს.   „დიდი ალბათობაა, აშშ-მა რუსეთს საბჭოთა ბლოკის ის ქვეყნები დაუთმოს, რომელიც არც ნატო-სა და არც ევროკავშირის წევრები არ არიან. „იალტა 2“ არ გამოირიცხება. ტრამპზე გაცილებით დემოკრატი იყო რუზველტიც და ჩერჩილიც, მაგრამ იალტაში შეიკრიბნენ და დიქტატორ სტალინთან ევროპა გაიყვეს. თუმცა შემდეგ სტალინმა მეტი მოინდომა. შესაძლოა გარიგება დღესაც მოხდეს, თუ ტრამპი და პუტინი სხვა საკითხებზე შეთანხმდებიან, ახლო აღმოსავლეთთან, ირანთან დაკავშირებით ამ გლობალურ ვაჭრობასთან შეთანხმების შემთხვევაში. ტრამპისთვის მნიშვნელოვანი იქნება პუტინის მხარდაჭერა თუ მან დაპირება შეასრულა და სავაჭრო ომი წამოიწყო ჩინეთთან. ეს საეჭვოა, მაგრამ თუ მოხდება, პუტინს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ასევე თუ ტრამპმა გადაწყვიტა ისრაელის შემობრუნება გადაწყვიტა და აქაც სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა, რადგან ირანთან უნდა იყოს სხვა პოლიტიკა,\" - ამბობს ცინცაძე და დასძენს, რომ დღევანდელი პროცესებიდან პირველი დასკვნა რაც არის, ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება თუ აქამდე შორეული პერსპექტივა იყო, ახლა კოსმოსური მანძილით გაიზარდა.   ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მოლდოვას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით ჰყავდა პატრონი რუმინეთის სახით, მაგრამ ამან ის მაინც ვერ დააზღვია პროდასავლური იდეის დეფორმაციისგან. ამბობს, რომ მოლდოვაში ხელისუფლებას, რომელიც პროევროპული სტატუსით მოვიდა, ბანკებიდან 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხის გაქრობა ბრალდება, ამის გამო პრემიერ-მინისტრიც დაკავებულია და ეს სკანდალი იყო ხალხში პროდასავლური იმედგაცრუების ბოლო ლურსმანი. ლაგაზიძის ხედვით, NATO-სა და ევროკავშირისთვის ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილია ბულგარეთის ახალი არჩევანი, განსაკუთრებით NATO-სთვის, თურქეთის ამბების შემდეგ. ის თვლის, რომ საქართველო ამ საპარლამენტო არჩევნებზე რუსული გავლენებისგან ძალიან აგადარჩა და რუსეთის სიხარულის მიუხედავად რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ შეცვლილა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჩვენ მახლობლად რუსული გავლენის ქვეყნებში შედის სომხეთიც და დასავლური სამყაროს კიდევ ერთი დიდი მარცხია ისიც, რომ ამ დღეებში რუსეთსა და სომხეთს შორის ერთიანი სამხედრო შენაერთების შექმნაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რაც დასავლური სამყაროს კიდევ ერთი მარცხია.   „ამ კონტინენტზე ძალიან მძიმე გარდაქმნების მომასწავებელი პროცესი მიდის. თუ დავაკვირდებით, როგორი ტემპით მიდის მემარჯვენე კონსერვატიული და მეორე მხრივ სოციალისტური განწყობების აღორძინება ძველი ევროპის ქვეყნებშიც, ვნახავთ, როგორ და რა მიმართულებით იცვლება სამყარო. ეს არის დასავლური სამყაროს განვითარების ახალი ფაზა. ჩვენ ამ პროცესების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე თავად უნდა შევძლოთ ჩვენთვის საუკეთესო გეზის შემუშავება და ჩვენი პარტნიორებისთვის შეთავაზება. ძალიან მძიმე ფაზაა ქართული პოლიტიკისთვის და საგარეო პოლიტიკაში მძიმე ლაბირინთებში მოუწევს ხელისუფლებას ლავირება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთთან ახალი გადატვირთვის პოლიტიკისთვის. თუმცა ტრამპი დამარცხებას მიჩვეული არ არის და თუ ის დაინახავს, რომ რუსეთთან წამგებიან როლშია, ის გაცილებთ ხისტი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი\", - ამბობს ლაგაზიძე, რომლის თქმით, მეორე საკითხია, საქართველო რამდენად დარჩება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების არეალში და რამდენად ჩათვლის ტრამპი, რომ ამ რეგიონში ის უნდა იყოს რუსეთთან გამარჯვებული.   „რეზონანსი“  

09:30 | 2016.11.17

wulukiani

უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს


უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი. აღნიშნული განცხადება სახალხო დეპუტატმა ТСН-თან ინტერვიუში გააკეთა.   რაბინოვიჩმა აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადირება, სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა.   „ვინაიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემისას დარღვეული იყო უკრაინის კანონები, მე მოვითხოვე ამ საკითხის კანონის სიბრტყეში დაბრუნება. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან დადებული გვაქვს ხელშეკრულება საერთაშორისო დამნაშავეების გაცემაზე. მოდით არ დავარღვიოთ ეს შეთანხმება, ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს და გადავცეთ ის \", - განაცხადა დეპუტატმა.   „ინტერპრესნიუსი“

17:00 | 2016.11.16

wulukiani

მაკკეინი დონალდ ტრამპს, რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ გამო აფრთხილებს


„რესპუბლიკური პარტიის“ წამყვანი წევრი, სენატორი ჯონ მაკკეინი აფრთხილებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ საფრთხის შესახებ, რაც შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას\" მოჰყვეს. ასე გამოეხმაურა მაკკეინი სატელეფონო საუბარს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, რომლის დროსაც პუტინი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოვიდა.   სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯომარის და რუსეთის კრიტიკოსის, ჯონ მაკკეინის ასეთი კომენტარი მიუთითებს სამომავლო დაპირისპირებაზე დონალდ ტრამპსა და იმ კონგრესმენს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს.

13:32 | 2016.11.16

wulukiani

მსოფლიოს ლიდერთა სახელფასო რეიტინგი


მსოფლიო ლიდერების ხელფასის რეიტინგში აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაქ ობამას სახელფასო მაჩვენებელი ლიდერობს. ამას მოწმობს კვლევითი ცენტრის, „Statista“-ს მონაცემები, რასაც გამოცემა „Echos“ ავრცელებს.   წლის განმავლობაში ამერიკის ლიდერი 400 ათას დოლარს გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და სიმბოლურად მხოლოდ 1 დოლარს მიიღებს.   რეიტინგში მეორე პოზიციას კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ თრიუდო იკავებს, წელიწადში 260 ათასი დოლარით. მესამე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის ერთი წლის შემოსავალი, ხელფასის სახით, 234 ათას დოლარს შეადგენს.   აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი ამ ჩამონათვალში მერვე ადგილზეა 194 ათასი დოლარით. ვლადიმერ პუტინი მეცხრე პოზიციაზეა 136 ათასი დოლარით წელიწადში. მეათე ადგილზეა იტალიის პრემიერ მინისტრი მატეო რენცი - 125 ათასი დოლარით.   რეიტინგის ათეულში არიან, ასევე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა 223 ათასი დოლარით, თურქეთის პირველი პირი რეჯებ თაიპ ერდოღანი - 197 ათასი დოლარით. ამავე სიაშია 215 ათასი დოლარით დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე - 203 ათასი დოლარით.   „ინტერპრესნიუსი“

09:03 | 2016.11.16

wulukiani

„ევროპული არმიის შექმნა არ იგეგმება“


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ შესასრულებელი გეგმა წარადგინა, რაც ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას აამოქმედებს, - იუწყება ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ოფიციალური საიტი EEAS.   ამასთან, უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საუბარი არ მიდის ევროპული არმიის შექმნაზე.   „ნება მომეცით გითხრათ, თუ რას არ ეხება ეს გეგმა. ეს გეგმა არ ეხება ევროპული ჯარის შექმნას. ხშირად ვამბობ, რომ ნატო-საც კი არ გააჩნია თავისი საკუთარი ჯარი\", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.   გეგმა ორიენტირებულია სამ ძირითად პრიორიტეტზე. კერძოდ იმაზე, რომ ევროკავშირმა შეძლოს უფრო ყოვლისმომცველად, სწრაფად და გაბედულად მოახდინოს რეაგირება კრიზისულ სიტუაციებზე; ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორების უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ევროკავშირის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა დაიცვას ევროპელი მოქალაქეები.  

08:45 | 2016.11.16

wulukiani

რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა?


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა.   CNN-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მას „ისტორიულ არჩევნებში გამარჯვების მისალოცად დაურეკა\" და მათ საერთო საფრთხეებზე, სტრატეგიულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და რუსეთ-აშშ-ის ისტორიულ ურთერთობაზე ისაუბრეს.   კრემლის განცხადებით, მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე გაამახვილეს ყურადღება და ხაზი გაუსვეს ვაჭრობის გზით ორმხრივი კავშირების დამყარების მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს „ნომერ პირველი საერთო მტრის\", საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ძალისხმევაზე.   პუტინი ერთ-ერთი პირველია მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამს გამარჯვება მოულოცა.   ტრამპმა პუტინს ძლიერი ლიდერი უწოდა იმ ვითარების ფონზე, როცა აშშ-ის ოფიციალური პირები მოსკოვს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით დემოკრატების კამპანიის იმეილების გაჟონვაში ადანაშაულებდნენ.   „ლიბერალი“

13:20 | 2016.11.15

wulukiani

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაძლოა, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.   გადაწყვეტილება მოლაპარაკების შემდეგ გერმანიის სამივე წამყვანი პარტიის ლიდერმა მიიღო, რისთვისაც კანდიდატმა მათ მადლობა გადაუხადა.   პრეზიდენტს გერმანიაში სპეციალური ორგანო, ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც 1260 დელეგატისგან შედგება. აქედან ნაწილი ბუნდესტაგის წევრები არიან, ნაწილი კი ფედერალური მიწების პარლამენტის წარმომადგენლები.   საპრეზიდენტო არჩევნები ფედერალურ კრებაში 2017 წლის 12 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.  

13:19 | 2016.11.15

wulukiani

უკრაინის ხელისუფლება კიდევ ერთმა ქართველმა დატოვა


უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა. დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.   „ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე, როგორც პირობა დავდე, წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია და, შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას\", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.   უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის\" პირად გვერდზე დაწერა.   „ინტერპრესნიუსი“  

18:02 | 2016.11.14

wulukiani

რუსეთი და სომხეთი გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას ქმნიან - პუტინმა განკარგულებას ხელი მოაწერა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოწერის განკარგულება გასცა.   პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი კავკასიის რეგიონში მხარეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნიან ორი ქვეყნის გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას.   სამხედრო შენაერთის მიზანი იქნება „შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) და მხარეთა წინაშე წარმოქმნილ სხვა გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება\".   დაჯგუფების მეთაური სომხეთის მთავარსარდლის მიერ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთათვარსარდალთან წინასწარი შეთანხმებით დაინიშნება.   მშვიდობიან დროს დაჯგუფების მეთაური სომხეთის გენერალური შტაბის უფროსს დაემორჩილება, ხოლო საომარი მოქმედებების დროს, „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\", რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის დაქვემდებარებაშიც გადავა.   „წინამდებარე შეთანხმება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ\", - აღნიშნულია პროექტში.   შეთანხმება 5 წლის ვადით დაიდება და ავტომატურად გაგრძელდება შემდეგ ხუთწლედებში, თუ ერთ-ერთი მხარე არ გამოთქვამს თანამშრომლობის გაწყვეტის სურვილს.   „პირველი“ 

12:04 | 2016.11.14

wulukiani

ანკარა-ბრიუსელი - ორმხრივი დილემა თუ გადალახვადი ბარიერი?


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატაროს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „დოიჩევე ველეს\" ცნობით, ამის შესახებ ერდოღანი გამოცემა „Hürriyet\"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. თურქეთის ლიდერი ევროპას კვლავაც იმაში ადანაშაულებს, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ხელს უშლიან. „ევროპული კავშირი ცდილობს გვიბიძგოს იქითკენ, რომ ჩვენ ამ პროცესიდან გამოვიდეთ. თუკი მათ არ ვუნდივართ, ამის შესახებ მათ მკაფიოდ უნდა განაცხადონ და გადაწყვეტილება მიიღონ\", - აღნიშნა ერდოღანმა და მიუთითა, რომ ანკარას მოთმინება უსაზღვრო არ არის.   ბრიუსელისა და ოფიციალური თურქეთის ურთიერთობებს სტამბოლში, \"ამერიკის ხმის\" კორესპონდენტი დორიან ჯონსი სწავლობდა. ის ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს გაესაუბრა.   ევროპის საბჭოს თავმჯდომარე თორნბიორნ იაგლანდი გასულ კვირას თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა, რათა ევროპის მზარდი შეშფოთება განეხილა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო თურქეთში. გასულ ოთხშაბათს, ევროკავშირმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, უპრეცედენტოდ მკაცრი კრიტიკა გამოითქვა თურქეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაც განსაკუთრებულად იქნა დაგმობილი ივლისში, გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული რეპრესიები.   შინან ულგენი, რომელიც კარნეგის ევროპის ცენტრს წარმოადგენს, თურქეთისა და ბრიუსელის ურთიერთობებში კრიზისზე საუბრობს - „ორმხრივ ურთიერთობებში სირთულეები წარსულშიც გვქონია, თუმცა პროგრესის ანგარიშის ნეგატიური ფონი, ასევე, ევროკავშირის წევრების მხრიდან მოლაპარაკებების შეჩერების მოწოდებები უფრო მეტად ძაბავს სიტუაცის. ამ ვითარებას ტოქსიკურს შევადარებდი“.   ამასობაში, ანკარამ უარყო ევროკავშირის რამდენიმე წევრის კრიტიკული შენიშვნები, და მათ ორმაგ სტანდარტებში, ასევე თურქეთის დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების გაუცნობიერებლობაში დასდო ბრალი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ცინიკური იუმორით ილაპარაკა ევროპელ ლიდერებზე. მან აღნიშნა - „ამბობთ, რომ თურქეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების პროცესის გადახედვა უნდა მოხდეს, მაგრამ დაგაგვიანდათ. ამ პროცესს სასწრაფოდ გადახედეთ და მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება“.   ანკარამ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ძალისხმევა 1963 წელს დაიწყო, როცა განაცხადი ევროპის ეკონომიკურ კავშირში შესვლაზე გააკეთა. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ თურქეთის გაწევრიანების ძალისხმევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის მუსლიმური იდენტობის გამო დაიბლოკა. თუმცა შინან ულგენი, მიუხედავად მიმდინარე აქტიური, უარყოფითი რიტორიკისა ფიქრობს, რომ ინტეგრაციის პროცესის შესანარჩუნებლად ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები არსებობს.   „ერთერთი არგუმენტია ლტოლვილების საკითხში არსებული რთული მდგომარეობის გაკონტროლება და აქ თურქეთს მნიშვნელოვანი როლი. კიდევ ერთი არგუმენტი კვიპროსის საკითხის მოგვარების შესაძლებლობაა, რასაც კუნძულზე მიმდინარე მოლაპარაკებები ასაზრდოებს. თურქეთის მთავრობას ესმის, რომ არსებულ უარყოფით შეფასებებთან ერთად, ანკარას ვითარების დამძიმება არანაირად არ აწყობს, მითუმეტეს, რომ შიდა სიტუაცია არასტაბილურია, ეკონომიკური ვითარება კი გამოწვევებს აწყდება“, - ამბობს ულგენი.   ამ ფონზე, ანკარა იმუქრება, რომ წლის ბოლომდე ბრიუსელთან გააუქმებს შეთანხმებას, რომელიც თურქეთის გავლით ევროკავშირში გადასვლის მსურველი ლტოლვილების რაოდენობის გაკონტროლებას ითვალისწინებს. ერდოღანი ასევე ცდილობს სიკვდილით დასჯის შემოღებას, რაც ავტომატურად შეაჩერებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებებს.   ერდოღანის საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი სოზენ ულჩური აცხადებს, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებების დასრულება სერიოზული შესაძლებლობაა, განსაკუთრებით კი „ბრექსიტის“ შემდეგ. „ბრექსიტი“ საინტერესო მოდელია თურქეთისთვის. თუ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის ეკონომიკურ კავშირებს დასჯერდება ევროკავშირთან, ეს შესაძლოა ურთიერთობებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს თურქეთისთვის“, - აცხადებს სოზენ ულჩური.   ამ ნაბიჯმა შესასძლოა მორიგი წუხილი გამოიწვიოს თურქეთის მთავრობის კრიტიკოსთა და სეკულარული ხელისუფლების მომხრეთა წრეებში. მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ისტორიულად, ყოველთვის, როცა თურქეთი ევროპას შორდებოდა, ის აშშ-ს უახლოვდებოდა. ცხადია, ვაშინგტონსა და ანკარას შორის განსხვავებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სირიის საკითხში, თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აქვე ამ ურთიერთობების გადახალისების შესაძლებლობას აჩენს.   „ამერიკის ხმა“

09:30 | 2016.11.14

wulukiani

აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება


ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას განაცხადა.   ინტერვიუ ეთერში ჯერ არ გასულა, თუმცა ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება. „იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ\", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.   ინტერვიუ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 წუთში“ დღეს საღამოს გავა.   „ინტერპრესნიუსი“

08:56 | 2016.11.14

wulukiani

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარტია დააფუძნა - ექსგუბერნატორი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს


მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, ერთი საათის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახალი ძალების პლატფორმა“ - ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი გაერთიანების სახელწოდებაა.   „მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია, არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,\" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.   სააკაშვილის გუნდში არ იქნება არც ერთ ის დეპუტატი, რომელიც ერთ ვადაზე მეტი იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. სააკაშვილის თქმით, მისი გუნდის საარჩევნო სიაში არ იქნება, არც ერთი ბიზნესმენი. \"ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში,\" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.   სააკაშვილი განმარტავს, რომ მის გუნდში იქნებიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებსაც სურთ არა ფულის კეთება და მოღვაწეობა ოლიგარქებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. მან ასევე ისაუბრა პეტრო პოროშენკოსთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ „მაშინ როცა დონალდ ტრამპი წლების წინ თვლიდა, რომ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება შეიძლებოდა და იგივე აზრზე იყო ჰილარი კლინტონი, პოროშენკომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა“.   ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით პოროშენკოს სურდა ის გამოეყენებინა კორუფციისა და ინტრიგებისთვის და არა რეფორმებისთვის. „მე ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება. პოროშენკოს არ უნდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება რადგან მას არ სურდა ხალხის დახმარება,\"- აღნიშნა სააკაშვილმა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ შეხვდება არც პოროშენკოს და არც მისი ადმინისტრაციის წევრებს მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.   სააკაშვილმა ასევე პარალელი გაავლო საქართველოში მის ოპოზიციაში ყოფნასთან და 2001 წელი გაიხსენა. „მე ახლა თავს ვგრძნობ უკრაინაში, როგორც ვგრძნობდი საქართველოში 2001 წელს, როდესაც წავედი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში,\"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.    

17:42 | 2016.11.11

wulukiani

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა „არაბული გაზაფხულის“ გამო 614 მილიარდი დოლარი დაკარგეს


ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა \"არაბული გაზაფხულის\" გამო 614 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ასეთ მონაცემებს გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისია ავრცელებს.   ანგარიშში ნათქვამია, რომ 614 მილიარდი დოლარი ეს არის 2011-2015 წლებში რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%. ანგარიშში სპეციალისტებმა არაბული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გამოიყენეს, რომლეიც 2011 წელს გამოქვეყნდა. შეფასების დროს გათვალისწიებული იყო ირიბი ეფექტებიც - ლტოლვილთა ნაკადი, მიგრანტების მიერ ფულადი გადარიცხვების შემცირება, ტურისტული ბიზნესის ვარდნა.   არაბულ ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლების სერია 2011 წელს ტუნისიდან დაიწყო. \"არაბულმა გაზაფხულმა\" გამოიწვია ოთხ ქვეყანაში რეჟიმების შეცვლა და შეიარაღებული კონფლიქტები ლიბიაში, სირიასა და იემენში. მხოლოდ სირიის ეკონომიკური დანაკარგი 2011 წლიდან 259 მილიარდ დოლარად ფასდება.   „2030“

14:10 | 2016.11.11

wulukiani

„კარგი კაცი“ - რაზე ისაუბრეს ტრამპმა დ ობამამ


აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრა. თავის მხრივ ბარაკ ობამამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. მისი თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები.   როგორც ობამა აცხადებს, მოხარულია დონალდ ტრამპის სურვილით, ითანამშრომლოს მის ადმინისტრაციასთან აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. „ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების წარმატებული გადაბარება წარმოადგენს“, - აღნიშნა ობამამ. „ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება\", - განუცხადა ტრამპს მოქმედმა პრეზიდენტმა შეხვედრის ბოლოს.   ტრამპმა კი განაცხადა, რომ არ ელოდა, თუ შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა. ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, \"მრავალი სხვადასხვა საკითხი განიხილეს, ზოგი შესანიშნავი, ზოგი - რთული\". შეხვედრის დასასრულს კი, დონალდ ტრამპმა აბარაკ ობამას „კარგი კაცი“ უწოდა.   თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპის მეუღლეს კი, მიშელ ობამამ უმასპინძლა.   ტრამპთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებოდა, ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსიც, რომელიც ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.  

08:00 | 2016.11.11


  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 56

ამინდი


თბილისი

00


ბათუმი

00


ქუთაისი

00


თელავი

00


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია