მთავარი → პოლიტიკა

„NATO-ს გაფართოება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის“ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ?

11:37 | 2016.12.02

A+   A-




ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი კრეგ კენედი მიიჩნევს, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა NATO-ს წევრობისთვის და დაელოდოს მომენტს, როდესაც ალიანსი გაფართოებას გადაწყვეტს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კრეგ კენედი აცხადებს, რომ "NATO-ს წევრობა მხოლოდ სტანდარტების უზრუნველყოფით არ მიიღწევა და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა, თუმცა მთავარია ქვეყნები მზად იყვნენ, როცა ალიანსი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს".

 

„საქართველომ, ისევე როგორც NATO-ს წევრობისკენ მიმავალმა ყველა ქვეყანამ, უნდა გააგრძელოს მუშაობა და წევრობისთვის აუცილებელი სტანდარტები და მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამავდროულად მათ უნდა ჰქონდეთ რეალისტური მოლოდინები. უახლოეს მომავალში ალიანსის უფრო მეტად გაფართოება მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ეს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ მომენტისთვის, როცა ალიანსი გაფართოების მორიგ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც შესაძლოა 5 ან 10 წელიწადში მოხდეს",- აცხადებს კენედი. კენედის თქმით, NATO-ს გაფართოებას თან ახლავს პოლიტიკური სიფრთხილე, რის მაგალითადაც მას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტი მოჰყავს, როცა საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხი უცნობი ვადით გადაიდო.


NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკ ტერნერის განცხადებით, NATO
პროგრესული ორგანიზაციიდან ბიუროკრატიულ ორგანიზაციად გადაიქცა. „
NATO-მ წინსვლა და გაფართოება უნდა გააგრძელოს, ბევრ რამეს უნდა გადახედოს, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ჩართულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით რეალობაში, სადაც NATO იქნება აგრესორი რუსეთის პირისპირ. ჩვენი ევროპელი მეგობრები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, რადგან ისინი უკვე NATO-ში არიან. მე პირიქით ვიტყოდი, თავდაცვაზე მეტი ზუსტად იმიტომ უნდა დავხარჯოთ, რომ NATO-ს წევრები ვართ",- აცხადებს ტერნერი.

 

მაიკ ტერნერის განცხადებით, NATO-ს მომავლისთვის სამი რამ არის მნიშნელოვანი: პირველი შეკავების პოლიტიკის გაძლიერებაა, რათა ალიანსმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეები შეაკავოს, მეორე ალიანსის წევრების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და მესამე NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაა.


საქართველო 2004 წელს გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც NATO-სთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა (IPAP) შეიმუშავა. 2008 წლის აპრილში NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა. 2008 წლის დეკემბერში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, IPAP-ის პროგრამა ყოველწლიურმა ეროვნულმა პროგრამამ (ANP) შეცვალა. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს და ხელს უწყობს საქართველოს თავსებადობას NATO-სთან.

 

2010 წლის აგვისტოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავდა თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. აღნიშნული თანამშრომლობის გეგმა განსაზღვრავს NATO-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მთავარ ამოცანებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

 

2011 წლის დეკემბერში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველო მოხსენიებულ იქნა, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა.

 

2014 წლის 4-5 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა NATO-ს სამიტი. სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის NATO-სთან ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების" ჯგუფში მიიწვიეს. სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო NATO-სთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო აამაღლებს NATO-სთან თავსებადობას. ახალი ინიციატივის თანახმად, NATO უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში და მეტად დაახლოებული NATO-ში გაწევრიანების მიზანთან.

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

180


ბათუმი

190


ქუთაისი

190


თელავი

180


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255