მთავარი → მსოფლიო

რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენას იბრუნებს - რა მიზნები აქვს კრემლს?

09:30 | 2016.11.17

A+   A-




„რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე გავლენას იბრუნებს, რაც უკვე გაფორმდა ორ ქვეყანაში, მოლდოვასა და თვით ნატო-ს წევრ ბულგარეთში, სადაც ღიად პრორუსი პრეზიდენტები აირჩეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელ დასავლეთს ეკონომიკური სანქციებით თუ მთელი რიტორიკით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული და მის დასუსტებას ცდილობს. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ რუსული გავლენის გაზრდაზე მიანიშნებს ამ ორ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და დასავლეთი დროზე უნდა გამოფხიზლდეს.პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, სულაც არ არის უცნაური, რომ რუსეთმა შესაძლოა ბულგარეთისა და მოლდოვას არჩევნები საკუთარი სცენარით წარემთრა, რადგან ის დიქტატორია, ძლიერი ლიდერი, ევროპაში კი ძლიერი ლიდერები არ არიან“, - წერს გაზეთი „რეონანსი“. 

 

„ევროპის ლიბერალურმა პოლიტიკამ, ამ მულტიკულტურალიზმმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ამიტომაც ხალხი უფრო კონსერვატიული იდეებისკენ ბრუნდება. გარდა ამისა, ბულგარეთში, იგივე სხვაგან, მასების დიდი უკმაყოფილებაა ელიტით. ხალხი ღარიბდება, ელიტა - მდიდრდება. მიგრანტების ეშინია ყველას, ხალხს მოენატრა მტკიცე ხელი და ამიტომ უფრო რუსეთისკენ გადაიხარნენ. ისინი რუსეთში არ ცხოვრობენ და არ იციან ზუსტად, იქ რა ხდება, ესმით, რომ პუტინი ძლიერი ლიდერია და ეს მოსწონთ. ამიტომაც რუსული გავლენა კატასტროფული ტემპით იზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპი და პუტინი დიდი ხნით დამეგობრდებიან, ამ ორი ქვეყნის ინტერესებს სადღაც გადაიკვეთება“, - აცხადებს ცინცაძე.

 

აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს მოლდოვაში გამარჯვება მოიპოვა სოციალისტური პარტიის პრორუსმა წარმომადგენელმა იგორ დოდონმა, რომელიც აცხადებს, რომ ის "ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთი ენდობა". „ვფიქრობ, რომ ეს კომპლიმენტია ჩემთვის", - განაცხადა დოდონმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის ლიდერის მსგავსი პოლიტიკოსი გახდეს. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის "გაძლიერდა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი." მისი მთავარი საარჩევნო დაპირება კი რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება იყო. დოდონის თქმით, საგარეო კურსის არჩევისას ის რეფერენდუმს გამოაცხადებს და დაეყრდნობა მართლმადიდებლობას, როგორც "მოლდოველების მორალურ საყრდენს.

 

ასევე 13 ნოემბერს ბულგარეთშიც გაიმარჯვა სოციალისტური პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა - რუმენ რადევმა, რომელიც ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალია. რადევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას და ბულგარეთის წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს. გარდა ამისა, რადევი ირწმუნება, რომ ბულგარეთს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით "უფრო პრაგმატული მიდგომა" უნდა ჰქონდეს.

 

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ორივე ქვეყანაში პროდასავლური ძალების მიმართ იმედგაცრუების სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წარუმატებლობაა და რუსეთმა არცთუ დიდი ძალისხმევა დახარჯა, რომ ამ ორ ქვეყანაში რუსულ ინტერესებს გაემარჯვათ. „რუსეთს ამ შედეგის მისაღებად განსაკუთრებული ფინანსები არ გაუღია. რუსეთი ამ პროცესებს მხარდამჭერი იყო საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით და არ არის გამორიცხული ამ ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების ფინანსური წახალისების თვალსაზრისითაც. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციისთვის ევროპამ და აშშ-მა ამავე ქვეყნებში დახარჯა. იმის თქმა მინდა, რომ არასწორი ინტეგრაციული პოლიტიკის შედეგად დღეს ვიღებთ იმ რეალობას, რომ რუსეთი ფაქტობრივად მიზერული ფინანსური დანახარჯებით ყოფილი საბჭოთა სივრცის რეკონსტრუირებას ახდენს. რუსული გავლენის ზრდა უახლოეს 6 თვეში განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ის შეეცდება ისარგებლოს აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის და საგარეო ხედვის მკვეთრად ჩამოყალიბების პერიოდით. რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება ბევრი მონაგარი აიღოს ხელში და შემდგომ დე ფაქტოდ დამდგარი რეალობიდან წაუყენოს თავისი პირობები დასავლეთსა და აშშ-ს, რომ უკვე გაფორმებული გავლენების პოზიციიდან ესაუბროს აშშ-ს," - აღნიშნავს ლაგაზიძე.

 

დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, მოლდოვა დიდი ხანია რუსულ ორბიტაზეა, არჩევნებმა ოფიციალურად დაადასტურა ის, რაც ყველასთვის დიდი ხანია ცნობილი იყო, რომ ამ ქვეყანაში პროდასავლურმა ვექტორმა კრახი განიცადა. ბულგარეთი კი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანაა და აქ პრორუსი პრეზიდენტის არსებობა დიდ არაფერს შეცვლის, ის რუსეთის გავლენის ქვეშ ვერ დაბრუნდება.

 

თვლის, რომ თუ ევროპას მართლა უნდა, რომ ევროპად დარჩეს, ყურადღების ცენტრი საქართველოსკენ უნდა გადმოიტანოს, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა პარტნიორი ევროპას არ რჩება. „ბულგარეთი და ბალტიისპირეთი NATO-ს წევრებია და ვერსად გაექცევათ. მოლდოვა დაკარგეს, ერთი საქართველო დარჩა აღმოსავლური პარტნიორობის წევრი. საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა და ჩვენი 4-მილიონიანი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა ევროპისთვის არაფერს არ ნიშნავს. თანაც უკრაინის მსგავსი კორუფცია ჩვენთან არ არის. უკრაინა კი ჩამოწერეთ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა არ მაინტერესებს და თუ ევროპელებს გაინტერესებთ ფული და იარაღი თქვენ მიეცითო. პოროშენკო კი აშშ-ს იმედზე იყო, ევროპელებს მისთვის იარაღი არ მიუციათ," - მიიჩნევს ცინცაძე. თუმცა სოსო ცინცაძე იქვე საქართველოსთვის არასასურველ სცენარს უფრო პროგნოზირებსს.

 

„დიდი ალბათობაა, აშშ-მა რუსეთს საბჭოთა ბლოკის ის ქვეყნები დაუთმოს, რომელიც არც ნატო-სა და არც ევროკავშირის წევრები არ არიან. „იალტა 2“ არ გამოირიცხება. ტრამპზე გაცილებით დემოკრატი იყო რუზველტიც და ჩერჩილიც, მაგრამ იალტაში შეიკრიბნენ და დიქტატორ სტალინთან ევროპა გაიყვეს. თუმცა შემდეგ სტალინმა მეტი მოინდომა. შესაძლოა გარიგება დღესაც მოხდეს, თუ ტრამპი და პუტინი სხვა საკითხებზე შეთანხმდებიან, ახლო აღმოსავლეთთან, ირანთან დაკავშირებით ამ გლობალურ ვაჭრობასთან შეთანხმების შემთხვევაში. ტრამპისთვის მნიშვნელოვანი იქნება პუტინის მხარდაჭერა თუ მან დაპირება შეასრულა და სავაჭრო ომი წამოიწყო ჩინეთთან. ეს საეჭვოა, მაგრამ თუ მოხდება, პუტინს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ასევე თუ ტრამპმა გადაწყვიტა ისრაელის შემობრუნება გადაწყვიტა და აქაც სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა, რადგან ირანთან უნდა იყოს სხვა პოლიტიკა," - ამბობს ცინცაძე და დასძენს, რომ დღევანდელი პროცესებიდან პირველი დასკვნა რაც არის, ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება თუ აქამდე შორეული პერსპექტივა იყო, ახლა კოსმოსური მანძილით გაიზარდა.

 

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მოლდოვას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით ჰყავდა პატრონი რუმინეთის სახით, მაგრამ ამან ის მაინც ვერ დააზღვია პროდასავლური იდეის დეფორმაციისგან. ამბობს, რომ მოლდოვაში ხელისუფლებას, რომელიც პროევროპული სტატუსით მოვიდა, ბანკებიდან 1 მლრდ დოლარზე მეტი თანხის გაქრობა ბრალდება, ამის გამო პრემიერ-მინისტრიც დაკავებულია და ეს სკანდალი იყო ხალხში პროდასავლური იმედგაცრუების ბოლო ლურსმანი. ლაგაზიძის ხედვით, NATO-სა და ევროკავშირისთვის ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილია ბულგარეთის ახალი არჩევანი, განსაკუთრებით NATO-სთვის, თურქეთის ამბების შემდეგ. ის თვლის, რომ საქართველო ამ საპარლამენტო არჩევნებზე რუსული გავლენებისგან ძალიან აგადარჩა და რუსეთის სიხარულის მიუხედავად რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ შეცვლილა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჩვენ მახლობლად რუსული გავლენის ქვეყნებში შედის სომხეთიც და დასავლური სამყაროს კიდევ ერთი დიდი მარცხია ისიც, რომ ამ დღეებში რუსეთსა და სომხეთს შორის ერთიანი სამხედრო შენაერთების შექმნაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რაც დასავლური სამყაროს კიდევ ერთი მარცხია.

 

„ამ კონტინენტზე ძალიან მძიმე გარდაქმნების მომასწავებელი პროცესი მიდის. თუ დავაკვირდებით, როგორი ტემპით მიდის მემარჯვენე კონსერვატიული და მეორე მხრივ სოციალისტური განწყობების აღორძინება ძველი ევროპის ქვეყნებშიც, ვნახავთ, როგორ და რა მიმართულებით იცვლება სამყარო. ეს არის დასავლური სამყაროს განვითარების ახალი ფაზა. ჩვენ ამ პროცესების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე თავად უნდა შევძლოთ ჩვენთვის საუკეთესო გეზის შემუშავება და ჩვენი პარტნიორებისთვის შეთავაზება. ძალიან მძიმე ფაზაა ქართული პოლიტიკისთვის და საგარეო პოლიტიკაში მძიმე ლაბირინთებში მოუწევს ხელისუფლებას ლავირება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთთან ახალი გადატვირთვის პოლიტიკისთვის. თუმცა ტრამპი დამარცხებას მიჩვეული არ არის და თუ ის დაინახავს, რომ რუსეთთან წამგებიან როლშია, ის გაცილებთ ხისტი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი", - ამბობს ლაგაზიძე, რომლის თქმით, მეორე საკითხია, საქართველო რამდენად დარჩება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების არეალში და რამდენად ჩათვლის ტრამპი, რომ ამ რეგიონში ის უნდა იყოს რუსეთთან გამარჯვებული.

 

„რეზონანსი“

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

170


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

170


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90