მთავარი → მსოფლიო

ანკარა-ბრიუსელი - ორმხრივი დილემა თუ გადალახვადი ბარიერი?

09:30 | 2016.11.14

A+   A-




თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატაროს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „დოიჩევე ველეს" ცნობით, ამის შესახებ ერდოღანი გამოცემა „Hürriyet"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. თურქეთის ლიდერი ევროპას კვლავაც იმაში ადანაშაულებს, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ხელს უშლიან. „ევროპული კავშირი ცდილობს გვიბიძგოს იქითკენ, რომ ჩვენ ამ პროცესიდან გამოვიდეთ. თუკი მათ არ ვუნდივართ, ამის შესახებ მათ მკაფიოდ უნდა განაცხადონ და გადაწყვეტილება მიიღონ", - აღნიშნა ერდოღანმა და მიუთითა, რომ ანკარას მოთმინება უსაზღვრო არ არის.

 

ბრიუსელისა და ოფიციალური თურქეთის ურთიერთობებს სტამბოლში, "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი დორიან ჯონსი სწავლობდა. ის ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს გაესაუბრა.

 

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე თორნბიორნ იაგლანდი გასულ კვირას თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა, რათა ევროპის მზარდი შეშფოთება განეხილა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო თურქეთში. გასულ ოთხშაბათს, ევროკავშირმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, უპრეცედენტოდ მკაცრი კრიტიკა გამოითქვა თურქეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაც განსაკუთრებულად იქნა დაგმობილი ივლისში, გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული რეპრესიები.

 

შინან ულგენი, რომელიც კარნეგის ევროპის ცენტრს წარმოადგენს, თურქეთისა და ბრიუსელის ურთიერთობებში კრიზისზე საუბრობს - „ორმხრივ ურთიერთობებში სირთულეები წარსულშიც გვქონია, თუმცა პროგრესის ანგარიშის ნეგატიური ფონი, ასევე, ევროკავშირის წევრების მხრიდან მოლაპარაკებების შეჩერების მოწოდებები უფრო მეტად ძაბავს სიტუაცის. ამ ვითარებას ტოქსიკურს შევადარებდი“.

 

ამასობაში, ანკარამ უარყო ევროკავშირის რამდენიმე წევრის კრიტიკული შენიშვნები, და მათ ორმაგ სტანდარტებში, ასევე თურქეთის დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების გაუცნობიერებლობაში დასდო ბრალი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ცინიკური იუმორით ილაპარაკა ევროპელ ლიდერებზე. მან აღნიშნა - „ამბობთ, რომ თურქეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების პროცესის გადახედვა უნდა მოხდეს, მაგრამ დაგაგვიანდათ. ამ პროცესს სასწრაფოდ გადახედეთ და მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება“.

 

ანკარამ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ძალისხმევა 1963 წელს დაიწყო, როცა განაცხადი ევროპის ეკონომიკურ კავშირში შესვლაზე გააკეთა. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ თურქეთის გაწევრიანების ძალისხმევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის მუსლიმური იდენტობის გამო დაიბლოკა. თუმცა შინან ულგენი, მიუხედავად მიმდინარე აქტიური, უარყოფითი რიტორიკისა ფიქრობს, რომ ინტეგრაციის პროცესის შესანარჩუნებლად ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები არსებობს.

 

„ერთერთი არგუმენტია ლტოლვილების საკითხში არსებული რთული მდგომარეობის გაკონტროლება და აქ თურქეთს მნიშვნელოვანი როლი. კიდევ ერთი არგუმენტი კვიპროსის საკითხის მოგვარების შესაძლებლობაა, რასაც კუნძულზე მიმდინარე მოლაპარაკებები ასაზრდოებს. თურქეთის მთავრობას ესმის, რომ არსებულ უარყოფით შეფასებებთან ერთად, ანკარას ვითარების დამძიმება არანაირად არ აწყობს, მითუმეტეს, რომ შიდა სიტუაცია არასტაბილურია, ეკონომიკური ვითარება კი გამოწვევებს აწყდება“, - ამბობს ულგენი.

 

ამ ფონზე, ანკარა იმუქრება, რომ წლის ბოლომდე ბრიუსელთან გააუქმებს შეთანხმებას, რომელიც თურქეთის გავლით ევროკავშირში გადასვლის მსურველი ლტოლვილების რაოდენობის გაკონტროლებას ითვალისწინებს. ერდოღანი ასევე ცდილობს სიკვდილით დასჯის შემოღებას, რაც ავტომატურად შეაჩერებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

 

ერდოღანის საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი სოზენ ულჩური აცხადებს, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებების დასრულება სერიოზული შესაძლებლობაა, განსაკუთრებით კი „ბრექსიტის“ შემდეგ. „ბრექსიტი“ საინტერესო მოდელია თურქეთისთვის. თუ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის ეკონომიკურ კავშირებს დასჯერდება ევროკავშირთან, ეს შესაძლოა ურთიერთობებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს თურქეთისთვის“, - აცხადებს სოზენ ულჩური.

 

ამ ნაბიჯმა შესასძლოა მორიგი წუხილი გამოიწვიოს თურქეთის მთავრობის კრიტიკოსთა და სეკულარული ხელისუფლების მომხრეთა წრეებში. მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ისტორიულად, ყოველთვის, როცა თურქეთი ევროპას შორდებოდა, ის აშშ-ს უახლოვდებოდა. ცხადია, ვაშინგტონსა და ანკარას შორის განსხვავებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სირიის საკითხში, თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აქვე ამ ურთიერთობების გადახალისების შესაძლებლობას აჩენს.

 

„ამერიკის ხმა“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

300


ბათუმი

260


ქუთაისი

300


თელავი

300


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 90