მთავარი → სამართალი

სულხან მოლაშვილის ოჯახს, 2004 წელს ჩამორთმეული წავკისის აგარაკი, დაუბრუნეს

12:52 | 2016.11.02

A+   A-




სულხან მოლაშვილის ოჯახს 2004 წელს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება დაუბრუნდა. საუბარია წავკისში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, რომელიც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის ოჯახს, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლების სანაცვლოდ 140 000 ლარად აყიდინეს და სახელმწიფოსთვის გადააცემინეს.

 

პროკურატურაში სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ქონების დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პროკურორმა ემზარ გაგნიძემ მიაწოდა.

 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას, თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ მაშინდელი პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ მოსთხოვეს თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მოლაშვილის ოჯახის წევრები ამ პირობას დათანხმდნენ და ბანკიდან აიღეს სესხი, რის შემდეგაც 2004 წლის 14 ივლისს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი 140 000 ლარად შეიძინეს და იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, მოლაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან, მოთხოვნის შესრულების მიუხედავად, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინდელი გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალეს და საპატიმრო დაწესებულებიდან არ გაათავისუფლეს.

 

სულხან მოლაშვილის მეუღლის თათია მოლაშვილის განცხადებით, მისი ოჯახი ქონების დაბრუნებას 13 წელი ელოდა, თუმცა სამართალის ზეიმს თავად სულხან მოლაშვილი ვერ მოესწრო.

 

„შევისყიდე წავკისის აგარაკი სულხანის დაჭერის შემდეგ და ვაჩუქე სახელმწიფოს. 13-წლიანი მოლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ეს ქონება, მაგრამ რაც მთავარია ამას სულხანი ვერ მოესწრო. ქონების დაბრუნება მხოლოდ ერთი ეტაპია და ჩვენს საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განაცახადა თათია მოლაშვილმა.

 

კითხვაზე, არის თუ არა სხვა ქონება, რომელიც სახელმწიფო მოლაშვილების ოჯახს კიდევ ჩამოართვა, სულხან მოლაშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ მათთვის სახელმწიფოს სხვა რაიმე ქონება არ ჩამოურთმევია. „მეტი რაღა უნდა წაეღოთ, სიცოცხლე წაართვეს ადამიანს. ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე რაც სულხანს დამართეს", - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

220


ბათუმი

200


ქუთაისი

190


თელავი

220


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 67