მთავარი → ბლოგი

ნუ გარყვნი, პატრიარქო!

18:02 | 2015.12.05

A+   A-




ვახუშტი მენაბდე

 

„ლიბერალი“

 

შეწყალების უფლება სახელმწიფო მეთაურის ფუნქციაა. ეს უფლება, როგორც ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს აქვს. ამაში ვლინდება სუვერენულობა.

 

სახელწიფოს ხელისუფლება მართავს. ის სამი შტოსგან შედგება: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. ხელისუფლების დანაწილების კლასიკური თეორიის მიხედვით, ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით აკავებს და აწონასწორებს. ისინი ამოწმებენ ერთმანეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ზოგიერთ შემთხვევაში ანულირებას უკეთებენ მათ, აუქმებენ. მიზანი ის არის, რომ არცერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა იმაზე მეტი ხელისუფლება არ ჩაიგდოს ხელთ, ვიდრე ეს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და თუ ამის საშიშროება გაჩნდა, მეორე ორგანო მაშინვე ჩაერიოს და გააუვნებელჰყოს საფრთხე.

 

თავისუფლებააღკვეთილ პირთა და, ზოგადად, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციაა. ეს არის ინსტრუმენტი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. დაახლოებით მსგავსი უფლებამოსილება აქვს პარლამენტს, რაც გამოიხატება ამინისტიაში. მთავარი განსხვავება ისაა, რომ შეწყალება ინდივიდუალური პირის ბედის გადაწყვეტა, მისთვის მსჯავრის შემსუბუქება ან მისგან საერთოდ გათავისუფლებაა, ხოლო ამინისტია იმავე ეფექტს რაიმე ნიშნით გაერთიანებულ პირთა ჯგუფზე ახდენს (მაგ. მათზე, ვინც ჩაიდინა ქურდობა ან მოხდილი აქვს სასჯელის 4/5, ან არასრულწლოვანია).

 

შეწყალება ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. სასამართლო მეტწილად სამართლის ჩარჩოებში მოქცეული სახელისუფლებო ორგანოა. ის უძლურია იმოქმედოს პოლიტიკური მიზანშეწონილების მიხედვით და კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ამას საღი აზრი კანონების საპირისპიროდ მოითხოვს, პირის მიმართ შეარბილოს, ან საერთოდაც, არ დააყენოს სამართლებრივი შედეგები. ამ კომპეტენციის არსი ის გახლავთ, რომ ასეთ ვითარებაში პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, ხელფეხი გაუხსნას და საშუალება მისცეს, მიიღოს სამართლისგან თავისუფალი გამოწვევების ადეკვატური გადაწყვეტილება.

 

საქართველოს პატრიარქმა დღეს სურვილი გამოთქვა, რომ შეწყალების პრივილეგია მას მიენიჭოს. ეს დაახლოებით იგივე უფლებაა, რაც კანონების მიღება და მერე მათ საფუძველზე ადამიანების დასჯა. ამ ინიციატივით მან ფაქტობრივად პირდაპირ დააფიქსირა ის, რასაც წლებია ეკლესია ირიბად ცდილობს - სახელმწიფოს ჩანაცვლება და მისი ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.

 

ამის შემდეგ სახელმწიფოსა და რელიგიის მიმართება ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია აღიწეროს როგორც სეკულარიზმის კრიზისი, რაც რელიგიურის საეროში შეჭრას ნიშნავს. ეკლესიის მთავარი მიზანი რელიგიურის, როგორც პრინციპის შემოტანა კი არ არის სახელმწიფოებრივში, არამედ უფრო პირიქით - პოლიტიკური სუვერენულობის მტვირთველი სუბიექტის სტატუსის მოპოვება საეროზე ფსონის დადებითა და რელიგიურზე უარის თქმით. ეკლესია ცდილობს მოახდინოს საეროს პრივატიზება და მისი დასაკუთრება. დღეს საქართველოში რელიგიურის კრიზისია. ეს კიდევ უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე პირველი. ეს მოვლენა სრულიად რყვნის პოლიტიკას, შლის ყოველგვარ ზღვარს და მის უკიდურეს გადაგვარებას მოასწავებს, რის ილუსტრაციაც ქართველი პოლიტიკოსების პატრიარქის ინიციატივასთან უნისონში მყოფი რეაქციებია.

 

 

 

 



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

200


ბათუმი

190


ქუთაისი

170


თელავი

200


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • 2