მთავარი → პოლიტიკა

სად გადის ეროვნული ინტერესების „წითელი ხაზი“

16:50 | 2016.11.30

A+   A-




„ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ რუსეთის მხრიდან შესვლის პირველი შემთხვევა მალე სისხლის სამართლის წესით დასჯადი აღარ იქნება. ამ ცვლილების მიღება პარლამენტს უკვე გადაწყვეტილი აქვს და სწორედ ეს არის ის პირველი კანონპროექტი, რისი გადახედვითაც დაიწყო საქმიანობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალი მოწვევის პარლამენტში. პოლიტოლოგების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს "ოცნების" ამ გეგმას. ნაწილი კი ამბობს, რომ ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. "ქართული ოცნების" წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონს არღვევს, სს წესით არ უნდა დაისაჯოს. ამიტომაც, ცვლილების მიხედვით, საუბარი მხოლოდ 400-ლარიან ჯარიმაზეა. თანაც, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური და სანქციებიც კი მიიღო იმის გამო, რომ ამ კანონის ლიბერალიზაცია არ მოხდა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდიდან, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - გორიდან. კანონის დამრღვევი ისჯება სს კოდექსის 322-ე პრიმა მუხლით, სადაც წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შევა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ადამიანი, ვინც საქართველოში შემოვა და პასპორტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა ექნება დაფიქსირებული, ან ჯარიმას გადაიხდის ან ციხეში ჩაჯდება. ის კანონპროექტი კი, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" ახლა აპირებს, 2013 წელს წარადგინა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ. პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის პირველი შემთხვევისას არა სს წესით, არამედ ადმინისტრაციული სახდელით, 400 ლარით უნდა დაჯარიმდეს. 2013 წელს ამ კანონპროექტს არასამთავრობოთა ნაწილისა და "ნაციონალების" დიდი კრიტიკა მოჰყვა და მისი განხილვაც შეჩერდა.

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ასე ხელაღებით ცვლილებების მიღება არ შეიძლება და ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, ამ დათმობის შედეგად რა მოგებას მიიღებს სახელმწიფო, რადგან ამ ცვლილებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების "წითელ ხაზს" ვუახლოვდებით. „ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამის ასე ხელაღებით გადაწყვეტა არ შეიძლება. ოფიციალურ დოკუმენტებში არა, მაგრამ დროდადრო საერთაშორისო ორგანიზაციებში ცალკეული პირების, მკვლევარების მხრიდან არის კრიტიკა ამ საკითხზე. მაგრამ მეორე საკითხია, პასუხობს თუ არა ეს ცვლილება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აქ კი ორი აზრი არ არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, სად არის ის წითელი ხაზები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან“, - აცხადებს კაკაჩია. მისივე თქმით, აუცილებელია გარკვეული ანალიზი - "თუ საქართველო ამ კანონს შეარბილებს, რას მიიღებს ქვეყანა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით იგივე ევროპიდან, რაც რეალურად არ ჩანს", - წერს სტატიის ავტორი.

 

„მხოლოდ ცალმხრივ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობის პოლიტიკა რეალურად არ ამართლებს და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. ამ თაფლაკვერის პოლიტიკით ჩვენ რაღაცებს ვთმობთ, მაგრამ რას ვღებულობთ, გაურკვევლია. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს რომ იყოს რაღაც ხედვის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მხრიდანაა შემოთავაზებული, რომ, მაგალითად, თუ კანონს შეარბილებს საქართველოს ხელისუფლება, სამაგიეროდ რაღაც მოხდება აფხაზეთის ან რუსეთის მხრიდან და ამ პაკეტში მოიაზრებოდეს ეს, კი ბატონო, მაშინ ამის განხილვა ღირს.ცალმხრივად რაღაცის დათმობა კი აბსოლუტურად არ მესმის. ჩვენ დასათმობი მეტი არც არაფერი გვაქვს, რეალურად წითელ ხაზს მივუახლოვდით," - აღნიშნავს კაკაჩია. მისი თქმით, რადგანაც კანონი ჯარიმას ითვალისწინებს, ამიტომაც ახლა შეცვლის აუცილებლობა არც დგას. "მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქე კანონის დარღვევის გამო დააპატიმრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განცხადება და თქვა, რომ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო. "ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნამყოფები არიან აფხაზეთში, მაგრამ შესაბამის სამსახურებს არცერთი არ დაუკავებიათ. ისედაც შერბილებულია ეს კანონი და ამ ფონზე კიდევ უფრო დათმობა გაუგებარია. ეს კანონი საქართველოს ხელში ფსიქოლოგიური იარაღია. ტურისტს არ აჩერებენ ამის გამო, პლუს, ყველას შეუძლია გამოცვალოს პასპორტიც," - დასძენს კაკაჩია, რომლის თქმით, ამიტომაც ამ სიმბოლურ მნიშვნელობაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

 

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი კანონის ლიბერალიზაციის მომხრეა, თუმცა იქვე ამბობს, რომ ცვლილება ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს და პლუს ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკას უნდა გადახედოს. „ცუდი არ იქნებოდა, ზოგადად ახალ ხელისუფლებას კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაზე უფრო ფართო კონსენსუსზე მუშაობა დაეწყო, რადგან ჩვენი სტრატეგია და ყველა სხვა დოკუმენტები საკმაოდ მოძველებულია და ნაკლებად ითვალისწინებს იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს. გააჩნია, ქვეყანა რა ტიპის პოლიტიკას ირჩევს. ამ კანონის ცვლილება თავისთავადი და ერთადერთი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს საერთო სტრატეგიის ნაწილი. თუ ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებას შევეცადოთ, მიმოსვლა გავაუმჯობესოთ, უფრო ლიბერალურ რეჟიმს თუ ვირჩევთ, ამ კონტექსტში გასაგებია ეს ნაბიჯი, თუმცა ცოტა მეტი დისკუსიაა საჭირო“, - ამბობს კანაშვილი. მისივე თქმით, გადაადგილების საკითხს "კავკასიური სახლიც" სწავლობდა და უახლოეს მომავალში აპირებს საკუთარი შეთავაზებებითაც მიმართონ ხელისუფლებას.

 

გადაადგილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მიდგომა განსხვავებულია. მაგალითად, დნესტრისპირეთში თუ ადამიანი გადადის არა მოლდოვის მიერ კონტროლირებადი საზღვრიდან, დნესტრისპირეთში რამდენიმე დღე ყოფნა ლეგალურადაა მიჩნეული, მხოლოდ რამდენიმე დღის შედეგ აუცილებლად უნდა აცნობოს ოფიციალურ ხელისუფლებას, რომ ის არის, ან იყო ამ ტერიტორიაზე. ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. შავი სიებიც კი არსებობს და ყველაფერს აკონტროლებენ. კვიპროსზე დაახლოებით იგივე შეზღუდვებია, რაც ჩვენთან, მაგრამ პრაქტიკის დონეზე დაჭერა არ ხდება. „ჩვენთან წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა დაჭერა, ახლა - არ არის. ვფიქრობ, რომ სჯობს, პრაქტიკა და კანონმდებლობა ერთმანეთს ასახავდეს. კანონი რეალობის შესაბამისი უნდა იყო. ჩემი ნება რომ იყოს, ადმინისტრაციულ ჯარიმასაც მოვხსნიდი ერთადერთი მიზნით - ადამიანს, რომელიც შემოვა ფსოუს მხრიდან, ენგურის ხიდის გადაკვეთა წყნარად შეეძლოს. ახლა, ადმინისტრაციულ ჯარიმამდე დაყვანით, ეს კვეთა მაინც არ შეიძლება და ამით რეალობა არ იცვლება. თუ ჯარიმას გავაუქმებთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გადაადგილებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს მიმოსვლას, რაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებდა გალის რაიონს და ეკონომიკურად აისახებოდა გალზე", - აცხადებს კანაშვილი და დასძენს, რომ ეს ყველაფერი ფართო ჭრილში უნდა იყოს განხილული.

 

„რეზონანსი“



ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ




ამინდი


თბილისი

250


ბათუმი

260


ქუთაისი

310


თელავი

250


გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

ძალიან კარგია
არ მომწონს
ცუდია
კარგია
  • 1
  • ...
  • 1
  • 2
  • 3
  • ...
  • 255